სლოვაკეთში რობერტ ფიცო პრემიერ-მინისტრად მეოთხედ დაინიშნა
26-27 ოქტომბერს ფიცო პრემიერ-მინისტრის რანგში ბრიუსელში ევროკავშირის სამიტს დაესწრება. მისი ბრიუსელში ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წინასაარჩევნოდ ის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შეცვლას გეგმავდა. მისი საარჩევნო კამპანიის დიდი ნაწილი უკრაინისათვის ოფიციალური სამხედრო დახმარების შეწყვეტას ეფუძნებოდა.
ფიცო ასევე, მოითხოვდა, რომ სლოვაკეთი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირისგან უფრო მეტად ყოფილიყო დამოუკიდებელი.
ამგვარი წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, ევროკავშირის ლიდერებმა ფიცოს გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კიდევ ერთხელ დანიშვნა მიულოცეს.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლა ევროკავშირს უფრო ძლიერი სლოვაკეთი სჭირდება, კერძოდ, უკრაინის მხარდაჭერის საკითხებში, რომ უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკა და უსაფრთხო ევროპა აშენდეს.
Congratulations, Robert Fico, on your new appointment as Prime Minister of Slovakia.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) October 25, 2023
We need a strong Slovakia, in particular to support Ukraine, build a competitive EU economy with a strong industrial base, and strengthen European security.
ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც რობერტ ფიცო უხელმძღვანელებს, სლოვაკეთის პრეზიდენტმა 25 ოქტომბერს დაამტკიცა.
ფიცოს კოალიციაში შედიან ულტრამემარჯვენე, პრორუსული და ფიცოს მემარცხენე პარტიები. სლოვაკეთის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ახალი მთავრობა დასავლეთთან მეგობრულ ურთიერთობებს გააგრძელებს.
„მივესალმები თქვენს დაპირებას, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა და სლოვაკეთი დარჩება ევროკავშირისა და ნატოს წევრად. ამ ორგანიზაციებს რაც უფრო მეტად დავეხმარებით გაძლიერებასა და სტაბილურობაში, სლოვაკი ხალხი მათგან უფრო მეტ სარგებელს მიიღებს“, – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ.
ხუთმილიონნახევრიანი ქვეყანა უკრაინას ესაზღვრება. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ის კიევის მტკიცე მოკავშირე და მხარდამჭერია. სლოვაკეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწია და ომს გაქცეული ლტოლვილებისთვის საზღვარი გახსნა.