,,უტოპიის მიღმა”

ეს არის ფილმი ხალხზე, რომელიც ცდილობს მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ადგილიდან გაიქცეს.

მასალა გადაღებულია ფილმის შემქმნელების, თავად ფილმის გმირებისა და საიდუმლო ქსელის მიერ, ფილმი არ შეიცავს არცერთ დადგმულ სცენას.

მას შემდეგ, რაც კორეა ორად გაიყო, ცხოვრება  ჩრდილოეთ კორეაში მსოფლიოსთვის დიდწილად საიდუმლოებით არის მოცული. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ განხილვის საკითხია კიმ ჩენ ინის ტოტალიტარული რეჟიმი და მისი ბირთვული და სარაკეტო იარაღის პროგრამები, უკანა ფლანგზე გადაიწია ადამიანების ცხოვრებამ. გარე სამყაროსთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის მცხოვრებლების მდგომარეობას აღწერს. თუმცა ახალი დოკუმენტური ფილმი “უტოპიის მიღმა” ამ ყველაფერს ცვლის.

ფილმი მოგვითხრობს სამხრეთ კორეელი პასტორის სანგ-უნ კიმის შესახებ, რომელიც საკუთარ ცხოვრებას ჩრდილოეთ კორეელებისთვის ქვეყნის დატოვებაში დახმარებას უძღვნის. ამისთვის პასტორი კიმი ბროკერების უზარმაზარ საიდუმლო ქსელს იყენებს, რათა ხალხი ჩრდილოეთ კორეიდან, ჩინეთის, ლაოსისა და ვიეტნამის გავლით ტაილანდამდე უსაფრთხოდ მიიყვანოს, საიდანაც ისინი სამხრეთ კორეაში გადასვლას შეძლებენ.

ფილმში ვეცნობით ჩრდილოეთ კორეიდან 5-წევრიან ოჯახსაც, რომლებიც რეჟიმისგან თავის დაღწევას ცდილობენ. ვხვდებით სოიან ლის, ქალს, რომელიც ოცნებობს საკუთარ ვაჟთან შეხვედრაზე, რომელიც ჯერ კიდევ ჩრდილოეთ კორეაშია. ფილმი გარე სამყაროს ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების რეალურ სურათს აჩვენებს. რეჟისორი მადლენ გევინი თვეების განმავლობაში ცდილობდა მთავარი გმირების დარწმუნებას, მონაწილეობა მიეღოთ დოკუმენტურ ფილმში.

მადლენ გევინი, რეჟისორი:”ამ 5-წევრიან ოჯახს ჩრდილოეთ კორეის საზღვრის გადმოკვეთიდან სულ რაღაც სამ კვირაში შევხვდით. ამ დროის განმავლობაში ისინი მთებში იმალებოდნენ. მათ მაშინ შევხვდით, როდესაც პირველად ეცნობოდნენ გარე სამყაროს. მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. ერთ-ერთი ოჯახის წევრი ოთხმოციოდე წლის ქალია, რომელმაც მთელი ცხოვრება ჩრდილოეთ კორეაში გაატარა. მას ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ არა მხოლოდ იმას, რომ ამერიკელები მსოფლიოში ყველაზე ცუდი ადამიანები არიან, არამედ იმასაც, რომ მათი მთავარი მიზანი ჩრდილოეთ კორეელების განადგურებაა. ეს ქალი მთელი ცხოვრება ასე ფიქრობდა. შემდეგ კი ჩვენ გაგვიცნო… და ჩვენთან ერთად გაეცნო მთელ გარე სამყაროსაც”.

რეჟისორმა ჩრდილოეთ კორეის მოკვლევა მაშინ დაიწყო, როდესაც ქვეყნიდან გამოქცეული ლი ჰიოსეოს წიგნის ადაპტაციისთვის მიმართეს. კვლევის დროს მადლენ გევინი ჩრდილოეთ კორეიდან უკანონოდ გადმოტანილ საშინაო ვიდეოებს წააწყდა. პასტორი კიმი კი ამბობს, რომ მუდმივად ახსოვს არსებული საფრთხეები.

პასტორი კიმი, აქტივისტი, ფილმის მონაწილე:”მუდამ შიშში ვმუშაობ, რადგან ვიცი, რომ საკუთარ სიცოცხლეს ვრისკავ. საფრთხეშია ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული ადამიანების სიცოცხლეც. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ვაგრძელებ მუშაობას, რადგან ღმერთთან პირობა დავდე, რომ ჩემს ცხოვრებას ამ საქმეს მივუძღვნიდი. იმედი მაქვს, ამ ფილმის მეშვეობით მეტი ადამიანი დაინახავს სიმართლეს და გააცნობიერებს, თუ რა ხდება ჩრდილოეთ კორეაში. ვიმედოვნებ, შევძლებთ ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულ ადამიანებს შევუნარჩონთ სიცოცხლე და ვაჩუქოთ თავისუფლება. ასე რომ, მიუხედავად შიშისა, გავაგრძელებ იმის კეთებას, რასაც ბოლო 24 წლის განმავლობაში ვაკეთებდი”.

როგორც ფილმიდან ვიგებთ, გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, რომლებიც ადამიანებს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად ქვეყნიდან გაქცევისკენ უბიძგებს, კიმ ჩენ ინის რეჟიმი ჩრდილოეთი კორეაში მცხოვრებ ადამიანებს ეუბნება, რომ ისინი უტოპიაში ცხოვრობენ.

დოკუმენტური ფილმი “უტოპიის მიღმა” დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის კინოთეატრებში 27 ოქტომბერს გამოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend