ისრაელ-ჰამასის ომს მუდმივად გასდევს ირანის ჩართულობის საკითხი. თეირანმა არაერთხელ გააფრთხილა ისრაელი შესაძლო “პრევენციული ქმედებების” შესახებ სწორედ მაშინ, როდესაც ისრაელის არმია ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევისთვის ემზადებოდა.
მაგრამ რა მოხდება, თუ ირანი გადაწყვეტს, რომ პირდაპირ ჩაერთოს ამ ომში?
საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის უფროს ანალიტიკოს ალი ვაეცს მიაჩნია, რომ ახლა მთავარი რისკია ის, რომ ირანი წაახალისებს მოკავშირეებს ლიბანში, განსაკუთრებით “ჰესბოლას”, რომ ისრაელის წინააღმდეგ ჩრდილოეთიდან ფრონტი გახსნას.
“და თუ ირანი ამას იზამს, რეგიონული ომის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ და მასში ჩაერთონ სირია, ერაყი და შეერთებული შტატებიც… ეს კი დამღუპველი იქნება არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის”, – ამბობს ალი ვაეცი.
თეირანის უარყოფის მიუხედავად, ექსპერტები თვლიან, რომ ირანი დიდი ალბათობით უკვე ჩართულია კონფლიქტში ახლო აღმოსავლეთში.
სარა ბაზობანდი, გერმანიის “გლობალური კვლევების ინსტიტუტის” მკვლევარი ფიქრობს, რომ ამ ტერორისტული თავდასხმისთვის “ჰამასი” მარტო ვერ მოემზადებოდა.
“თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მათ პარაშუტით ფრენა ღაზაში გვირაბებში ესწავლათ? როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ფრენა ესწავლათ ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მკაცრად კონტროლდება. დიდი ალბათობით, ეს ტერორისტები სადღაც სხვაგან გაწვრთნეს”, – ამბობს ბაზობანდი.
და როგორ შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას მოემზადოს პოტენციური ესკალაციისთვის? – ევრონიუსის ამ კითხვას ანალიტიკოსები ასე პასუხობენ: “მხოლოდ დიპლომატიით”. რადგან მათი აზრით, ძალის დემონსტრირებამ და სანქციებმა ირანი უფრო აგრესიული გახადა რეგიონისთვის და უფრო რეპრესიული საკუთარი მოსახლეობისთვის.