მთავარისაქართველოპრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა ჩამოართვა, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს...

პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა ჩამოართვა, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს კი ვეტო დაადო

18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იწყება, ერთი დღით ადრე კი, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთ კანონს დაადო ვეტო. ამჯერად პრეზიდენტმა ,,შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე გამოიყენა ვეტოს უფლება. ეს კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. ერთ-ერთი ცვლილება ის არის, რომ ამ კანონის მიხედვით, დემონსტრაციებზე აიკრძალება მაგალითად, კარვების გაშლა იმ შემთხვევაში, თუ პოლიციამ ასე გადაწყვიტა. „ქართული ოცნება“ ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციისგან გამოწვეული აუცილებლობით ხსნიდა. საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა. ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მოქალაქეობა ჩამოართვა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოიხსენიებდა მას ქართველ-რუს ოლიგარქად, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობაც ჰქონდა მიღებული და პროცედურის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს მისთვის მოქალაქეობა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე უნდა ჩამოერთმია. თუმცა აქამდე პრეზიდენტი თავს იკავებდა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისგან. სალომე ზურაბიშვილმა ამის მიზეზიც განმარტა და თქვა, რომ თუ ის დასასჯელია, უნდა დაისაჯოს როგორც საქართველოს მოქალაქე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend