ღაზის სექტორში ომს უკვე ასობით ბავშვი ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა. იქ ჰუმანიტარული კრიზისია. მოსახლეობას არ აქვს საკვები, წყალი, ელექტროენერგია და მედიკამენტები.
გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს კომუნიკაციების დირექტორი ჯულიეტა ტუმა აცხადებს, რომ თავშესაფრები გადატვირთულია და სანიტარული ნორმები არ არის დაცული, რის გამოც მაღალია სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკი.
“ღაზის სექტორის ალყა გრძელდება. ჩვენს სააგენტოს 7 ოქტომბრის შემდეგ არ შეუძლია მარაგების შეტანა, ხოლო არსებული მარაგი ძალიან სწრაფად იწურება. ჩვენი კოლეგები, რომლებიც ღაზაში არიან, რომლებიც დარჩნენ იმისთვის, რომ დაეხმარონ მოსახლეობას, გვეუბნებიან, რომ მათ დღეში ერთ ლიტრ წყალზე ნაკლების დალევა შეუძლიათ, ჩვენს მოქმედ ოფისებში“, – ამბობს გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს კომუნიკაციების დირექტორი ჯულიეტა ტუმა.
გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ისრაელსა და “ჰამასს” დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ, მათი განცხადებით, მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირიდან თითქმის ნახევარი ბავშვია.
საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამედიცინო დახმარება პალესტინელებისთვის“ წარმომადგენელი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი დიპლომატი იერუსალიმში რიჩარდ მეიქფისი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი საავადმყოფოს გენერატორები მხოლოდ მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეძლებს მუშაობას.
“მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ღაზაში მყოფთაგან ბევრი თავად ლტოლვილია. მათ 75 წლის წინ უთხრეს, დაეტოვებინათ სახლები და უსაფრთხო ადგილას გადასულიყვნენ. და ახლა 75 წლის შემდეგაც, ისინი კვლავ ცხოვრობენ ლტოლვილთა ბანაკებში ისეთ ადგილებში, როგორიცაა ღაზა. ამიტომ, როცა მათ უთიშავთ წყალს, ელექტროენერგიას, უზღუდავთ ელემენტარულ დახმარებას, ეს ყველაფერი გამოიწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფას”,- აცხადებს დიდი ბრიტანეთის ყოფილი დიპლომატი იერუსალიმში და საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამედიცინო დახმარება პალესტინელებისთვის“ წარმომადგენელი რიჩარდ მეიქფისი.
🚨#Gaza update:
🔴2,800 #Palestinians killed, including 1,000 children, according to the Ministry of Health
🔴More than 10,000 people injured, including more than 3,000 children. At least 1,200 Palestinians missing under the rubble of buildings
— Medical Aid for Palestinians (@MedicalAidPal) October 17, 2023
ღაზის სექტორში გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლები ცდილობენ ბავშვებს დაეხმარონ, თუმცა მათ მარაგები თითქმის ამოეწურათ…
რამდენიმე საათში კი საავადმყოფოებში ელექტროენერგიაც გაითიშება, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით დაშავებულს იქ ექიმები ვეღარ დაეხმარებიან.