მთავარიმსოფლიოახალი ბირთვული ეპოქა

ახალი ბირთვული ეპოქა

თანამედროვე მსოფლიოში ბირთვული იარაღის ხმა თანდათან უფრო ხშირად ისმის. უკრაინაში სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ კრემლი არაერთხელ დაიმუქრა მასობრივი განადგურების იარაღით. ამას ემატება ჩრდილოეთ კორეიდან წამოსული პერმანენტული საფრთხე. ექსპერტების შეფასებით, ისრაელში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა ატომურ სახელმწიფოებს შორის საბრძოლო მოქმედებების ალბათობა და კონფლიქტის ესკალაცია.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კი ბირთვული შეკავების წვრთნების შესახებ განაცხადა, თუმცა ნატო ხაზს უსვამს, რომ მანევრები ტარდება რუსეთის საზღვრებიდან მინიმუმ 1000 კილომეტრში და არ არის დაკავშირებული მსოფლიოს მიმდინარე მოვლენებთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთ დროს მასობრივი განადგურების იარაღი მსოფლიოს დიდი ომებისგან იცავდა. ექსპერტების შეფასებით, დასავლეთის ეს ქმედება შესაძლოა არაპროგნოზირებადი ქვეყნებისთვის მორიგი გაფრთხილება იყოს.

ამერიკის კონგრესში რამდენიმე დღის წინ მოისმინეს 160-გვერდიანი მოხსენება, რომელშიც პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასაკმარისადაა მომზადებული ორ ბირთვულ სახელმწიფოსთან – ჩინეთსა და რუსეთთან ბირთვული ომის საწარმოებლად. მოხსენებაში იყო ერთგვარი გაფრთხილებაც, რომ შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს შესაძლო კონფლიქტისთვის და რომ მან ბირთვული იარაღის მოდერნიზაცია უნდა დაიწყოს.

„შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ მონაცემებით, ბირთვული შეიარაღების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე რუსეთია, შემდეგ კი – ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. ზუსტად 64 წლის წინ ჩინეთმა პირველად გამოსცადა მასობრივი განადგურების იარაღი. ამ დროისათვის ბირთვული შეიარაღება მსოფლიოს 9 ქვეყანას აქვს. მიუხედავად მრავალგზის მოწოდებისა, რომ ბირთვული იარაღი მსოფლიოში შემცირებულიყო, დღეს, ცივი ომის შემდეგ მასობრივი განადგურების მსგავსი საშუალებები კიდევ უფრო მოდერნიზებულია. „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ 2023 წლის ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში ამჟამად 12 512 ბირთვული ქობინია. წინა წლების მონაცემებთან შედარებით, ეს ბევრად მცირე რიცხვია. საინტერესოა, გაიზრდება თუ არა მსოფლიოში მასობრივი განადგურების იარაღის რაოდენობა? ერთი რამ კი ცხადია, მსოფლიო ახალ ბირთვულ ეპოქაში გადადის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend