მთავარიმსოფლიო„ღაზა სიცოცხლისგან იცლება“ - გაერო

„ღაზა სიცოცხლისგან იცლება“ – გაერო

გაეროში ამბობენ, რომ  ღაზა სიცოცხლისგან იცლება. ბოლო ოფიციალური ცნობებით, იქ მხოლოდ გასულ კვირას 2700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა. უმძიმესი ვითარებაა საავადმყოფოებში, სადაც ექიმები ვეღარ აუდიან პაციენტების რაოდენობას.  ვითარებას ისიც ართულებს, რომ სამკურნალო დაწესებულებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტებითა და აღჭურვილობით ვერ მარაგდებიან.

ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებული პალესტინელი ბავშვი, ღაზის სექტორი, 13 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Hatem Ali

ექიმებს უჭირთ გასწვდნენ ყველა პაციენტს, მით უფრო მედიკამენტებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე. კლინიკებში საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის საბოლოოდ შეწყვეტის საფრთხე დიდია. მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობენ სწორედ კლინიკებს შეაფარონ თავი და იცხოვრონ დერეფნებში, კიბეების ქვეშ, ან დაიძინონ პაციენტების საწოლებს შორის, რადგან ეს ახლა იქ ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლება.

„ექიმები საზღვრებს გარეშე“ აფრთხილებენ მსოფლიოს, რომ  თუ არ გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები ათიათასობით ადამიანი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.

თუ არ გაიხსნა ჰუმანიტარული დერეფანი საავადმყოფოების მოსამარაგებლად და დაჭრილთა ევაკუაციისთვის… თუ არ შეწყდა დაბომბვა… აქაურობას აბსოლუტური კატასტროფა ელის“,-ამბობს ჰასან აბუ სეტაფი.

მძიმე ვითარებაა ღაზის ყველა მორგში. გარდაცვლილთა ნეშტებს დამარხვამდე დროებით ნაყინის ფურგონებში ანაწილებენ.

ნათესავები გარდაცვლილებს გლოვობენ, ღაზის სექტორი, 9 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Fatima Shbair

ამ დრომდე უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე ცდილობს დატოვოს ღაზის სექტორი.

ბევრი მათგანი სამხრეთით მდებარე რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან იცდის. ეს პუნქტი ისრაელის მხრიდან დაბომბვის შემდეგ ეგვიპტემ ჩაკეტა.

ევრონიუსის კორესპონდენტი ნებალ ჰაჯუ სწოორედ ღაზისა და ეგვიპტის საზღვართან იმყოფება, სადაც იგი უცხოური პასპორტების მქონე მოქალაქეებს ესაუბრა. მათ საზღვრის გადაკვეთის ნებართვას არ აძლევენ.

,,ჩემი ქალიშვილები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობენ, რომ მე აქედან გასვლა შევძლო, მაგრამ ვერ გავდივარ. მოვედით და ყველაფერი დაკეტილი დაგვხვდა. რატომ დაგვცინიან? წასვლაში მაინც დაგვეხმარონ. მე მხოლოდ აქედან წასვლა მინდა“, -ამბობს გერმანიის მოქალაქე ნადია ბარაკა.

,,ღაზაში ორი თვით ოჯახის მოსანახულებლად ჩამოვედი. შემდეგ ომი დაიწყო და ალყაში აღმოვჩნდით… ეს სასტიკია ომია. არ გვაქვს წყალი, არც ელექტროენერგია, აღარ გვაქვს წვდომა ინტერნეტთან, შეწყვეტილია ყოველგვარი კომუნიკაციები.. აქ აღარაფერი დარჩა სიკვდილისა და ნგრევის გარდა“, – ეუბნება იბრაჰიმ ალ-ქარინავი, შვეიცარიის მოქალაქე ევრონიუსს.  

ეგვიპტეზე კი საერთაშორისო საზოგადოება ზრდის ზეწოლას, რომ გახსნას რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი, რათა მოქალაქეებს მიეცეთ ღაზის სექტორის დატოვების შესაძლებლობა.

პალესტინელები ისრაელის სარაკეტო თავდასხმის დროს სკოლაში არიან შეფარებულნი, 16 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Photo Fatima Shbair

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend