პარიზში პალესტინელების მხარდამჭერი აქცია ცრემლსადენი აირითა და წყლის ჭავლით დაარბიეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პალესტინელებისთვის ნებისმიერი სახის მხარდაჭერა აკრძალა. ამ გადაწყვეტილებით საფრანგეთი ქვეყანაში საზოგადოებრივ წესრიგს იცავს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელს თანადგომა გამოუცხადა და დაგმო „ჰამასის“ ქმედებები.
პალსეტინელებისა და ,,ჰამასის“ მხარდამჭერი აქციები, საფრანგეთის გარდა, სხვა ევროპულ ქვეყნებშიც იმართება. მათ შორის არის ჟენევა, სადაც პალესტინის მხარდამჭერებმა ისრაელის ქმედებები გენოციდად შეაფასეს და გაეროს რეზოლუციების შესრულებისა და მშვიდობისკენ მოუწოდეს.
ევროპის ქვეყნებში პალესტინელების მხარდამჭერი აქციების პარალელურად ისრაელის მომხრეთა აქციებიც იმართება. ისრაელელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა გერმანიაში. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისრაელი საინფორმაციო ომს აგებს.
რუსეთში როგორც ისრაელის, ისე პალესტინის საელჩოსთან მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ. უკვე მეშვიდე დღეა ისრაელსა და პალესტინას შორის ომი მიმდინარეობს, თუმცა კრემლს კონფლიქტში მონაწილე არცერთი მხარისთვის ღია მხარდაჭერა არ გამოუხატავს და არც რომელიმეს ქმედება დაუგმია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ესკალაციაზე პასუხისმგებლობას დასავლეთს აკისრებს.