მთავარიმსოფლიოღაზის საავადმყოფოებში უმძიმესი ვითარებაა

ღაზის საავადმყოფოებში უმძიმესი ვითარებაა

ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ ინტენსიური ავიაიერიშების შედეგად, ქალაქის ყველაზე დიდ ალ-შიფას საავადმყოფოში ქაოსური ვითარებაა. სამედიცინო პერსონალი ვეღარ უმკლავდება ასობით მძიმედ დაჭრილი პაციენტის მიღებასა და სათანადოდ მკურნალობას. შენობების ნანგრევებიდან უწყვეტად ამოჰყავთ დაშავებულები. სამედიცინო მომსახურებას ისიც ართულებს, რომ ქალაქში არ არის ელექტროენერგია და წყალი. საავადმყოფოც გენერატორებზე მუშაობს. ალ-შიფას საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მუჰამედ აბუ სალიმა ამბობს, რომ გენერატორები სრული დატვირთვით მუშაობის მიუხედავად, პაციენტების საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებენ. დაჭრილთა დახმარების პრობლემებზე საუბრობენ სხვა ექიმებიც.

პალესტინელ კაცს დაჭრილი გოგონა მიჰყავს ალ შიფას საავადმყოფოში. 10 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP

„იმის გარდა, რომ პაციენტთა მისაღებად არც სივრცე გვყოფნის და აღარც სამედიცინო პერსონალი, პრობლემაა უკვე მიღებული პაციენტების მკურნალობაც. იცით, რომ ელექტროენერგია არ მოგვეწოდება და გენერატორებშიც საწვავის სათანადო მარაგი არ გვაქვს. ელექტროენერგიის დიდი ნაწილი ისეთ განყოფილებებში მივმართეთ, სადაც ინტენსიური თერაპიული მკურნალობა, ოპერაციები, დიალიზი და ახალშობილების მკურნალობა მიმდინარეობს. თუ გენერატორები გაჩერდება, ეს საავადმყოფო მასობრივი საფლავის მსგავსი ადგილი გახდება. 120-ზე მეტი დაჭრილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, 1000-მდე მეტი პაციენტი დიალიზზეა. 50-მდე დღენაკლული ბავშვი კი ინკუბატორებში გვყავს. მათი სათანადო მკურნალობისთვის უწყვეტი ელექტროენერგია გვჭირდება“, – აცხადებს მუჰამედ აბუ სალიმა.

საავადმყოფოების დერეფნებში საშინელი სურათია. ცოცხალ პაციენტებს უწევთ მკურნალობა იმ სივრცეებში, სადაც გვამებიც არის, რაც მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ზოგიერთი დაშავებული გარდაცვლილი ოჯახის წევრის ცხედართან იძინებს. ნანგრევებიდან კი ამოჰყავთ ახალი პაციენტები, რომელთა საშველადაც რესურსები იმდენად მწირია, რომ გადარჩენის იმედი იკლებს. ქალაქ ღაზის ნაწილი ახლა ნანგრევებისა და ცხედრების დიდი ველია, სადაც გადარჩენილებს დაბომბვის მუდმივი მოლოდინი აქვთ.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend