რა შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს მომხმარებელთა უფლებები და რა მექანიზმებით შეძლებს სავარაუდო დაზარალებული რეაგირებას. ამ საკითხზე სამსჯელოდ, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNIG-ის პროექტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა. ადამიანის უფლებათა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების, პარლამენტისა თუ საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა, უკვე განხორციელებულ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მთავარ გამოწვევად მხარეები კონკურენციის სააგენტოს საქმიანობისა და მოქალაქეთა უფლებების შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებენ. შეხვედრას მომხსენებლის რანგში ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელიც დაესწრო.
“მომხმარებლებისგან ჩვენ 400-მდე განაცხადი მივიღეთ სხვადასხვა დროს. აქედან 230-ზე მეტ შემთხვევაში საქმის შესწავლა დავიწყეთ. გადაწყვეტილებები ისეთ მნიშვნელოვან საქმეებზე გვაქვს, როგორებიცაა: მომხმარებლის ინფორმირების სტანდარტის ამაღლება, ქართულ ენაზე სერვისების მიწოდების დანერგვა, სატელეფონო სარეკლამო შეტყობინებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში რეალურ და მითითებულ ფასთა შორის სხვაობები და ა.შ. ყველაზე მეტი საქმე ეხება ონლაინ ვაჭრობისას გამოვლენილ ინტერესთა კონფლიქტს. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობასა და ჩვენი სააგენტოს საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ეხება“, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.
შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რა ჩაითვლება მათი უფლებების შესაძლო დარღვევად და სად უნდა მიიღონ შესაბამისი სერვისი. მათ მიაჩნიათ, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი კარგია, მაგრამ საზოგადოების ინფორმირება ამ უწყების საქმიანობის შესახებ უფრო უნდა გაიზარდოს.
„ბიზნესის კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებები ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. დღეს რა მთავარი გამოწვევაც გვაქვს არის ის, რომ კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ფართო მასებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია. საჭიროა, გაიზარდოს მიმართვიანობა ამა თუ იმ დარღვევებთან დაკავშირებით. ბიზნესი სერვისს მაშინ აუმჯობესებს, როდესაც მომხმარებელი არის აქტიური და რეაგირებს ამა თუ იმ ხარვეზზე. როდესაც ეს უკუკავშირი იქნება უფრო აქტიური, ბიზნესგარემოც და მომხმარებელთა უფლებების დაცვაც გაუმჯობესდება“, – აცხადებს „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი.
კონკურენციის სააგენტო მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მიმართონ ისეთი საქმეების შესწავლისთვის, სადაც მომხმარებელი თავს დაზარალებულად გრძნობს. მაგალითად, თუ პირმა ამა თუ იმ მომსახურების მიღებისას თავი იგრძნო მოტყუებულად, ან ვერ მიიღო გადახდილი თანხის სათანადო სერვისი. ამაზე სააგენტო შესაბამის რეაგირებას ახდენს და დადასტურების შემთხვევაში ბიზნესის მიმართ სადამსჯელო ზომებს იღებს. ეს კი, შეხვედრაზე მყოფი ექსპერტების თქმით, ბიზნესგარემოსაც აუმჯობესებს და მომხმარებელთა უფლებებსაც იცავს.
ალეკო გვეტაძე