მთავარიმსოფლიოNATOინტერვიუ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან

ინტერვიუ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან

ევრონიუსი ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე მირცეა გეოანას ესაუბრა. უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას იღებს რამშტაინის ფორმატის შეხვედრაშიც. დასავლეთ ევროპაში ვიზიტამდე ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთში იმყოფებოდა ვიზიტით, სადაც ის რუმინელ კოლეგას შეხვდა. ევრონიუსის რუმინეთის ჟურნალისტი მირუნა მიჰაილოვი ნატოს მაღალჩინოსანს ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონფლიქტისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შესახებ ესაუბრა.

მირუნა მიჰაილოვი, ევრონიუს რუმინეთი: რომ აგვიხსნათ, რა მნიშვნელობის მატარებელია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი. რუმინეთში ყოფნისას მან ისაუბრა რუმინეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო და პოლიტიკური დახმარების შესახებ. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის ზამთარში დიდი რაოდენობით დახმარება დაიბევა დემოკრატიული დასავლეთისგან.

მირცეა გეოანა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: ბუნებრივია, რომ უკრაინის პრეზიდენტი საკუთარი სახელმწიფოსთვის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის თავმოყრას ცდილობს. ეს ლოგიკურია. როგორც რუმინელს მიხარია, რომ ის ბუქარესტს ეწვია. მე მისი მესმის, ჩვენ ვისაუბრეთ, ის ძალიან მოხარული გახლდათ, რომ ბუქარესტში ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცა. ჩვენ შორის განხილული საკითხები ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებს გასცდა, ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მათ შორის შავი ზღვისა და მდინარე დუნაის მიდამოებში. ჩვენ ხომ სახელმწიფო საზღვარს სწორედ ამ მიდამოებში ვინაწილებთ. ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება უკრაინის სამხედრო თავსებადობა ნატოსთან კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ. ბუნებრივია, რომ უკრაინული მხარე ნატოში გაწევრებას დაუყონებლივ ითხოვს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი უკრაინის მიერ ამ ომში გამარჯვების მოპოვებაა და უკრაინის ისეთ სახელმწიფოდ ტრანსფორმაცია, რომლის ნატოში გაწევრებაც მარტივი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

მირუნა მიჰაილოვი, ევრონიუს რუმინეთი: ისრაელში არსებული ვითარება ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრებისას აუცილებლად განიხილება. ისრაელის თავდაცვის მინისტრიც დისტანციურად გაესაუბრება ნატოს წევრ თავდაცვის მინისტრებს, მსურს გკითხოთ, რამდენად და როგორ დაეხმარება ნატო ისრაელს.

მირცეა გეოანა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: მე ისრაელში ორი თუ სამი კვირის წინ გახლდით. შევხვდი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, შევხვდი პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ ისრაელთან თანამშრომლობისთვის, ისრაელი ნატოს პარტნიორი სახელმწიფოა, მაგრამ ნატო როგორც ორგანიზაცია ამ კონფლიქტში არ ჩაერევა, მიუხედავად ამისა, ნატოს წევრი სახელმწიფოები, უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდ როლს ითამაშებენ ამ კონფლიქტში. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს, ეს მიუღებელია.

რასაც “ჰამასი” აკეთებს საერთაშორისო სამართალსა და ჰუმანიზმს ეწინააღმდეგება. იმედი გვაქვს, რომ ის ძალა, რომელსაც ისრაელი გამოიყენებს საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით, პროპორციული იქნება და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოექცევა. სწორედ ამიტომაც ხვალინდელი შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავს ასევე მინისტრებს შორის საუბარს, რაც საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დასავლურ დემოკრატიებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების სიმტკიცეს. დარწმუნებული ვარ, რომ ისრაელი უზრუნველყოფს საკუთარი ინტერესების დაცვას და ახლო აღმოსავლეთში ქაოსი დასრულდება, ჩვენი ინტერესია, რომ არა მარტო აღმოსავლეთში, არამედ სამხრეთშიც მშვიდობა იყოს. სწორედ ეს არის ჩვენთვის სასურველი.

მირუნა მიჰაილოვი, ევრონიუს რუმინეთი: რას ეტყვით რუმინეთის მოსახლეობას, ბევრი შიშობს ახლო წარსულში მომხდარი ინციდენტების მიზეზით, განსაკუთრებით კი რუმინეთის ტერიტორიაზე სამხედრო დრონების ჩამოვარდნის შემდეგ. რა თავდაცვით ზომებს იღებთ? განიხილავთ ამ საკითხს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე?

მირცეა გეოანა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: თავდაცვის დამატებითი ზომები თავისთავად მიღებულია და ეს პროცესი გრძელდება. აუცილებელია ინფორმაციის ნაწილის საიდუმლოდ დატოვება, ვინაიდან ეს უსაფრთხოების კონკრეტულ სტანდარტებთან არის დაკავშირებული. ეს ჩვენი ვალდებულებაა. მე მსურს მოქალაქეებს მივმართო, რომ ეს ჩემი სამშობლოც არის, მეც დაინტერესებული ვარ უსაფრთხოებით. რთულია სახელმწიფო საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მტერში მეორე მხარეს აფეთქებებს უცქირო და არ იდარდო საკუთარ უსაფრთხოებაზე, რიგ შემთხვევებში ეს სამწუხაროდ ომის თანმდევი მოვლენაა. მე მსურს განვაცხადო, რომ რუსული მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის სურვილს ვერ ვხედავ, მაგრამ ამავე დროს კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია როგორც საჯაროდ, ასევე საიდუმლოდ სამუშაოს გაწევა. ევროპამ თავიდან აღმოაჩინა მდინარე დუნაის მნიშვნელობა, დიდი ხანია შავი ზღვის მნიშვნელობაზე მიმდინარეობს საუბარი და მდინარე დუნაი ამ თვალსაზრისით არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მნიშვნელოვანია გალატის, ბრაილასა და სულინას პორტები. აუცილებელია, რომ მდინარე დუნაისთან დაკავშირებული შესაძლებლობები მთელი წლის განმავლობაში გამოვიყენოთ. როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოსი, ჩვენი ვალდებულებაა მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოების დაცვა. შავი ზღვისა და მდინარე დუნაის მიდამოები სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ეკონომიკური განხრითაც. ნებისმიერი კრიზისი ხომ ამავე დროს შესაძლებლობაა.

მირუნა მიჰაილოვი, ევრონიუს რუმინეთი: დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს.

 

 

 

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend