მთავარისაქართველოვენეციის კომისიის დასკვნას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

ვენეციის კომისიის დასკვნას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

ვენეციის კომისია საქართველოს სასამართლოს რეფორმის მიმდინარეობის შესახებ დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტში განხილულია რეკომენდაციები, რომლებიც შესრულდა, არ შესრულდა, ან ნაწილობრივ შესრულდა. დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია, შესრულდეს პირველი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას გულისხმობს. ასევე დასკვნის თანახმად, მეორე საკვანძო რეკომენდაცია ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების შეზღუდვას მოსამართლეების გადაყვანასა და მივლინებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე არ არის შესრულებული. კომისია მიიჩნევს, რომ გაითვალისწინეს მესამე რეკომენდაცია, რომელიც ეხება მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურების გადახედვას. მეოთხე და მეხუთე რეკომენდაციები კი, რომლებიც მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას ეხება, ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. ვენეციის კომისიის ამ დასკვნას ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა, რომ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხრიდან შესრულებულია, თუმცა ის, რაც არის ძირითადი გამოწვევები ქართულ სასამართლო სისტემაში ეს გამოწვევები ჯერ კიდევ შეუსრულებულია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თუ ვენეციის კომისია გულისხმობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებები ორმაგი 2/3-ით მიიღებოდეს, ეს ჩიხში შემყვანი ფორმულაა. მათ კი ქმედითი სასამართლო სურთ და არა ჩიხში შემყვანი ფორმულირებები.

ვენეციის კომისია 2023 წლის ივნისსა და სექტემბერში მიღებულ ზოგ შესწორებას მიესალმება, მაგრამ აღნიშნავს, რომ არ არის გათვალისწინებული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ 2023 წლის მარტის დასკვნაში შეიტანა. თუმცა დოკუმენტის მიხედვით, ვენეციის კომისია კვლავ მზად არის, ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტთან ითანამშრომლოს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend