მთავარისაქართველოფესტივალ ,,ევროპალიაზე" საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგა

ფესტივალ ,,ევროპალიაზე” საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საერთაშორისო კულტურული ფესტივალი ,,ევროპალია’’ გაიხსნა. წელს ფესტივალში საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით პირველად იღებს მონაწილეობას. ბრიუსელში საქართველოს და სხვა ქვეყნების მუზეუმებიდან 300-მდე ექსპონატი გამოიფინება. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ქართული კულტურისა და ხელოვნების მრავალფეროვნებას.

დირკ ვერმაელენი, ,,ევროპალიის’’ სამხატვრო ხელმძღვანელი: ,,ევროპალია 1969 წლიდან არსებობს, იმ დროს ევროპული საზოგადოება ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო. ფესტივალის დამფუძნებლები მიიჩნევდნენ, რომ თუ ჩვენ ამ გაერთიანების ქვეშ ერთად ცხოვრებას ვაპირებთ, რომელიც თავდაპირველად ნახშირსა და ფოლადს ეფუძნებოდა, მაშინ უმჯობესია ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ. ამისთვის საუკეთესო გზა კი ხელოვნებაა. ფესტივალი ხელოვნების მეშვეობით ქვეყნებს შორის დიალოგს ემსახურება, ეს არის ჩვენი მისია. ამიტომ ვიწვევთ ხელოვანებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, რათა ერთმანეთს საკუთარი ღირებულებები გავუზიაროთ“.

,,ევროპალიის“ ფესტივალი მასპინძლობს გამოფენას სახელწოდებით „მოდერნიზმი საქართველოში – ფანტასტიკური ავანგარდი“.

მხატვარ ლევან ჭოღოშვილს ქართული ავანგარდული ხელოვნების ნიმუშების ევროპაში გამოფენის იდეა პირველად ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაუჩნდა. მისი თქმით, ,,ევროპალიის“ ფარგლებში გახსნილი გამოფენა ქართულ და ევროპულ ხელოვნებას შორის არსებულ კავშირებს უფრო თვალსაჩინოს გახდის.

ლევან ჭოღოშვილი, ხელოვანი: ,,საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ქართველი ხელოვანები იზოლირებულნი იყვნენ. ევროპასთან კულტურული კავშირების გაბმა ახლაც არ არის ადვილი. ჩვენ შეგვიძლია ევროპაში მოგზაურობა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის სისტემური კავშირები ქართულ და ევროპულ კულტურის სფეროებს შორის. ამიტომ არის კარგი ეს გამოფენა. ის დამთვალიერებლებს აჩვენებს, რომ ქართული  ხელოვნება ყოველთვის დაახლოებული იყო ევროპული ხელოვნების ტრადიციასთან. დღეს ბევრი ქართველი ხელოვანი ცდილობს განათლების დასავლეთში მიღებას“.

„ევროპალია“ 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში არაერთი კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი. ფესტივალის სტუმრები შეძლებენ ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას გაეცნონ. ქართული ხელოვნების ვიზუალურ, თეატრალურ და მუსიკალურ ნიმუშებს მსოფლიოში აღიარებული არტისტები წარადგენენ. ღონისძიებები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ბელგიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება.

მასალა მოგვაწოდა იზაბელ სილვამ

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend