მთავარიევროპაუკრაინარუსული იერიში უკრაინის ტერიტორიაზე

რუსული იერიში უკრაინის ტერიტორიაზე

რუსულ სამხედრო ბლოგებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული იერიში ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგსა და სამხრეთით - ბილოჰორივკის მიმართულებით კვლავ განახლდა

უკრაინისთვის 3 ოქტომბერი საკმაოდ მძიმე დღე აღმოჩნდა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, კრემლმა ერთ დღეში 5 სარაკეტო და 108 საავიაციო იერიში მიიტანა უკრაინაზე.

უკრაინის ტერიტორია რუსული არტილერიით 55-ჯერ დაიბომბა. გამოყენებული იყო 31 ერთეული ირანული წარმოების დრონიც, რომელთაგან 29 თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. რუსული იერიშის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო ხარკივი და ხარკივის ოლქი.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ხარკივის ოლქის გასაძლიერებლად სამუშაოები დაიწყო.

რუსულ სამხედრო ბლოგებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული იერიში ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგზე და სამხრეთით – ბილოჰორივკის მიმართულებით კვლავ განახლდა. რუსი სამხედრო ბლოგერები ამბობენ, რომ უკრაინელები შეტევას აგრძელებენ ანდრიივკის მიმართულებით სარკინიგზო ხაზის მახლობლად. ამას ადასტურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალებიც. კიევის ცნობით, უკრაინის დამცველებმა სამხრეთითა და აღმოსავლეთით კვლავ წინ წაიწიეს.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ტერიტორიების გათავისუფლებას მელიტოპოლის მიმართულებით. გვაქვს გარკვეული წინსვლა ზაპორიჟიის ოლქში – რობოტინოს სამხრეთით. წინ მივიწევთ ბახმუტის ფლანგზეც, კლიშიივკისა და ანდრიივკის მიმართულებით. ვათავისუფლებთ ტერიტორიასა და ვამაგრებთ პოზიციებს“, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი პავლო კოვალჩუკი.


რუსეთში კი პირველი ოქტომბრიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მორიგი პროცესი დაიწყო. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გაწვევას ექვემდებარება რუსეთის 130 ათასი მოქალაქე.

ამ დროს კი რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ მოხალისეებისა და საკონტრაქტო სამსახურის მსურველთა რიცხვი ძალიან მაღალია. თუ ეს სიმართლეა, ჩნდება კითხვა, რატომ გახდა საჭირო სავალდებულო სამსახურში დამატებით დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეთა გაწვევა.

კრემლი საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებულ ზიანსა და დანაკარგზე ინფორმაციას არ ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით კი, გასულ დღეს საბრძოლო მოქმედებების შედეგად 450 რუსი ოკუპანტი დაიღუპა, რუსებმა დაკარგეს 13 ტანკი, 18 ჯავშანმანქანა, 47 საარტილერიო სისტემა, 41 უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა სამხედრო საშუალებები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend