მთავარისაქართველოსაკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას

საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით კვლავ განიხილავს. სხდომა დღეს, 3 ოქტომბერს, დღის 12 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

სასამართლო პროცესს არ ესწრება სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ მის ინტერესებს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი იცავენ. ასევე სხდომას ესწრება „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

სხდომის დასაწყისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პრეზიდენტი სხდომას არ ესწრება. მან ჰკითხა მის წარმომადგენლებს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პრეზიდენტი უპატივცემულობას ავლენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რადგან მერაბ ტურავას თქმით, მას გადაადგილება არ უჭირს და შეეძლო ფიზიკურად დასწრებოდა სხდომას. მისივე თქმით, თუ სასამართლო უკმაყოფილო იქნება, მას შეუძლია, გადაწყვეტილება მიიღოს პრეზიდენტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებასთან დაკავშირებით, რადგან წარმომადგენლებმა პრეზიდენტისგან განსხვავებით შეიძლება იცოდნენ მხოლოდ იურიდიული მხარე და არა საქმის ფაქტობრივი დეტალები.

პრეზიდენტის წარმომადგენლების პოზიციით, პრეზიდენტის სავალდებულო დასწრების შესახებ გადაწყვეტილება პროცესის პოლიტიზებას გამოიწვევს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ ეთქვა პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ და ეს იყო მატერიალური საფუძველი, რის გამოც პრეზიდენტს ვიზიტებზე უარი ეთქვა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ძირეულად დაუპირისპირდა მმართველობის არსებულ სისტემას.

პრეზიდენტის ინტერესების წარმომადგენლების აზრით, მოწინააღმდეგე მხარის წარდგინება დაუსაბუთებელია და „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყო. მათ მიაჩნიათ, რომ იმპიჩმენტის შინაარსი აშკარად პოლიტიკურია და სასამართლომ დასკვნის ჩამოყალიბებისას ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს, რომ კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს არ ასცდეს.

პირველ სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია. კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: გერმანიის პრეზიდენტთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და საფრანგეთის პრეზიდენტთან. ეს ვიზიტები მოიცავდა 2023 წლის 31 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე პერიოდს.

11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, ეს აუცილებელი წინაპირობა იყო დოკუმენტის სასამართლოში გასაგზავნად. საჭირო იყო მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა, ხელი კი 80-მა დეპუტატმა მოაწერა.

იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, რომ პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრისთვის უკვე პარლამენტს წარედგინება. იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 კანონმდებლის ხელმოწერა, თუმცა მმართველ გუნდს საკმარისი ხმები არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მას პარლამენტში „ხალხის ძალასთან“ ერთად აქვს 84 ხმა, იმპიჩმენტის პროცედურისთვის კი 16 მანდატი აკლდებათ.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend