მთავარიSCI-TECHავტოინდუსტრიას მომავლისკენ ციფრული ტექნოლოგიები მიუძღვება

ავტოინდუსტრიას მომავლისკენ ციფრული ტექნოლოგიები მიუძღვება

„ევრონიუსი“ ეწვია მიუნხენის საერთაშორისო ავტოსალონს, რათა ავტოინდუსტრიის ბოლო ტექნოლოგიურ ტენდენციებისთვის გადაევლო თვალი.

ამ ავტოსალონში ავტო და ტექნოლოგიური ინდუსტრიის რამდენიმე წამყვანი ბრენდი იწონებს თავს  საკუთარი ინოვაციებითა და ახალი დიზაინებით. და რადგანაც ბოლო დროს სულ უფრო მეტად სთხოვენ ინდუსტრიას, რომ უფრო ეკოლოგიური და სუფთა იყოს, გამოფენის ძირითადი ტენდენციაც მდგრადობა და ტექნოლოგიებია.

ლორენ მეიო ჟურნალისტი და ავტოტექნოლოგიების ექსპერტია.

“ახლა იმაზე ბევრად მეტად ვგრძნობთ კლიმატის წნეხს, ვიდრე ოდესმე. ამიტომ ირგვლივ სულ ელექტრომობილებს ვხედავთ.  წელს წამყვანი თემა ციფრული ტექნოლოგიებიც არის. წარმოდგენილი არიან საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის მწარმოებელი კომპანიებიც, როგორებიცაა,  მაგალითად, LG და  Samsung. ყველგან იგრძნობა მეხუთე თაობის 5G ინტერნეტისა და ღრუბლის ტექნოლოგიების Cloud გავლენა, ასე რომ, ჩვენ კავშირზე დავრჩებით საკუთარ სახლთან თუ ოფისთან“, – ამბობს იგი.

იაპონური კომპანია Sekisui-ი მრავალ სფეროს ამარაგებს საკუთარი ნაწარმით მთელ მსოფლიოს გარშემო. მათ შორისაა ავტოინდუსტრიაც. ეს კომპანია უკვე 60 წელია ფუნქციონირებს ევროპაში და ევროპული ავტოინდუსტრიის ბაზარს 1980-იანი წლებიდან ამარაგებს. ამ კომპანიაში ამბობენ, რომ ევროპაში ავტომობილების 75 პროცენტი მათი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.  ბოლო დროს დიდი აქცენტი კეთდება მინის კომპონენტებზე. მაგალითად, ამ ახალი კონცეფციის ავტომობილს მომავლის ფანჯრები აქვს.

მასაში იანაი, SEKISUI Europe-ის პროდუქტის დაგეგმარების დირექტორი:

„მინა ხელის შეხებით იცვლება, გინდა, გამჭვირვალე იქნება, გინდა – მუქი. რაც შეეხება წინა კარს, ისიც ინტეგრირებულია, რადგან სახელური აღარ აქვს, კარის გაღება შესაძლებელია, თუ მობილურს ან ხელს შევახებთ კარზე მოთავსებულ შესაბამის სიმბოლოს.“

მიუნხენის ავტოსალონში წარმოდგენილი იყო ავტომობილის შიდა საინფორმაციო ტექნოლოგიებიც. კომპანია Sekisui-ი აქცენტს მომავალი თაობის ეკრანებზე აკეთებს. მისი ფუნქციები მთელ საქარე მინაზე ისახება.

“ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა ნავიგაცია, მობილური ტელეფონი, რადიო ან საათი, მინაზე შეიძლება დაიტანო. უპილოტო ავტომობილის შემთხვევაში მთელი ფანჯარა შეიძლება კინოს ეკრანად აქციო. საგანგებო ვითარების დროს ან ხელით მართვისას ეს ინფორმაცია ეკრანიდან ქრება და  სუფთა მინა რჩება“, – განმარტავს მასაში იანაი.

Sekisui-ი უკვე აწარმოებს ფართო საქარე მინისთვის ტექნოლოგიებს. კომპანიის ნიდერლანდებში არსებულ საწარმო ჰაბში ამზადებენ სპეციალურ ფოტოფირს ეკრანისთვის, რომლის მეშვეობითაც მინაზე ინფორმაცია ისახება.

რულ ფილიფსენი, კომპანია SEKISUI S-LEC B.V.-ის მარკეტინგის მენეჯერი:

“საქარე მინის ეკრანზე გამოსახული ინფორმაციის პრობლემა ის არის, რომ ის ბუნდოვნად ჩანს. ჩვენი ფირი კი, რომელიც მინაში თავსდება, უზრუნველყოფს, რომ მძღოლმა ძალიან მკაფიოდ დაინახოს გამოსახულება.“

ეს საჩვენებელი ავტომობილი აღჭურვილია სწორედ ასეთი ფირით და ჩვენ  საცდელ გასვლას ვაწყობთ.

“ვხედავ სიჩქარის ზღვარს და ვაკონტროლებ სიჩქარეს,“ -განმარტავს რული. „არ მჭირდება თავის დახრა სპიდომეტრამდე. შემიძლია, რომ მისი მაჩვენებლები მთელი გზა თვალწინ მქონდეს.  და თუ რამე გამოხტება, მაგალითად,  გზას ქვეითი ან ველოსიპედისტი გადამიჭრის, მეყსეულად მექნება საპასუხო რეაქცია.  ბევრად უფრო უსაფრთხოა, როცა სულ გზას უყურებ. ”

უსაფრთხოების გარდა, საქარე მინაში მოთავსებული ფირი ხმაურსაც ახშობს და სიცხისგანაც იცავს.

“მანქანის მართვის დროს გაწუხებს ქარის, საბურავებისა და ძრავის ხმა. ხმაურის ჩამხშობი ფირი კი უზრუნველყოფს, რომ სალონში ხუთი დეციბელით ნაკლები ხმაური იყოს. გარდა ამისა, ამავე ფირში შეგვიძლია ჩავაშენოთ სიცხის დამჭერი ნაწილაკებიც, რათა სალონში სიგრილე შეინარჩუნოს. შესაბამისად, კონდიციონერსაც ნაკლებად გამოიყენებ,“ – ამბობს კომპანია SEKISUI S-LEC B.V.-ის მარკეტინგის მენეჯერი.

ავტომწარმოებლების მთავარი გამოწვევა დღეს ის არის, რომ მოთხოვნებს წინსწრებით უპასუხონ და  ფეხი აუწყონ.

ლორენ მეიო, ჟურნალისტი და ავტოტექნოლოგიების ექსპერტი:

“ვითარება „ფორმულა ერთის“ რბოლის მსგავსია, რადგან ყველაფერი ერთდროულად უნდა გაითვალისწინო. იქნება ეს ციფრული მხარე, ელექტროძრავა თუ ავტოპილოტური მართვა. მაგრამ მჯერა მათი. ისინი უკვე საუკუნეზე მეტია არსებობენ და ვფიქრობ, რომ კიდევ ასი წელი იქნებიან.“

ავტორი: დამონ ემბლინგი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend