მთავარისაქართველოადამიანის უფლებები აფხაზეთსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში

ადამიანის უფლებები აფხაზეთსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში

ჩვენ თვალწინ ათობით ხელბარგით მძიმედ დატვირთული ადამიანი (ძირითადად, ქალები) ხიდს ფეხით გაუყვა იმის გამო, რომ ოკუპირებული აფხაზეთისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსიში თავისუფალი ადგილი აღარ დარჩა. ენგურის ხიდით სარგებლობა უწევთ გალის მაცხოვრებლებს, რომლებიც ხიდიდან 5, 10 და 25 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ, თუმცა იმის გამო, რომ ენგურისა და ფახულანის გარდა ყველა დანარჩენი გამშვები პუნქტი დაკეტილია, სხვა ალტერნატივა არ აქვთ.

ეს და სხვა ამბები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს აწუხებთ, “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” წარადგინა კვლევის სახით, რომელიც “ფრიდრიხ ებერტის ფონდმა” დააფინანსა. კვლევაში წერია, რომ აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე აშენებული მაღაზიები ახლა დაკეტილი და მიტოვებულია.

სამარშრუტო მუნიციპალური ტაქსი ოდესღაც უფასო იყო, ახლა კი ფასიანია. თავისუფლად გადაადგილების გარდა პრობლემებია განათლების მიღების კუთხით. გახშირებულია ფემიციდის ფაქტები, ხოლო სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების უმრავლესობას ეშინია, რომ ორიენტაციის გამო ქუჩაში მოკლავენ….

„ კვლევაში დეტალურად არის აღწერილი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ოკუპირებულ აფხაზეთში, საოკუპაციო ხაზთან გამოკვეთილი პრობლემები, ასევე განათლების უფლება, გენდერული საკითხები და რუსული რბილი ძალის გააქტიურება თვითონ ოკუპირებულ აფხაზეთში. წელს გამოიკვეთა განსხვავებული პრაქტიკა, მაგალითად, ჩვენი 2021 წლის კვლევასთან შედარებით, რომ ქართულ საგუშაგოებზე, სახელმწიფო კონტროლი სავარაუდოდ, შემცირებულია, ძირითად შემთხვევაში საგუშაგოებზე ერთი ადამიანი იყო, კონტროლიც შემცირებული იყო და მოდუნებული, თითქოს ფორმალური სახე ჰქონდა ამ შემთხვევაში საგუშაგოებს და მათ ადგილზე სამართალდამცველების ყოფნას, თუმცა ჩვენი მოსახლეობის კონტროლის ინტენსივობა არ შემცირებულა“, – ამბობს ანა გახოკიძე, “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” მკვლევარი.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა სიღარიბე და მიგრაციაა. მკვლევრები ამბობენ, რომ კვლავ მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ძალების მიერ  მოსახლეობის უკანონო დაკავება.

„რაც განსაკუთრებით მიმდინარე წელს გამოიკვეთა, ეს იყო  რუსეთის უპრეცედენტო გააქტიურება აფხაზეთში,  ანუ ამ წელს მოხდა ის, რაც არ მომხდარა წინა ათწლეულების განმავლობაში, როდესაც რუსეთი პრაქტიკულად ყველა ფრონტით უტევს აფხაზეთს, ისინი ცდილობენ, უძრავი ქონების დაკანონებასა და სპეციალური კანონმდებლობის მიღებას, რომ რუსეთის მოქალაქეებმა შეძლონ აფხაზეთის უძრავი ქონების შეძენა, ინვესტიციების ჩადება და პრაქტიკულად ანექსია განახორციელონ. ბიჭვინთაში უკვე დაიწყო პროცესები, პრაქტიკულად არის უკვე ანექსირებული და პირდაპირ რუსეთის დაქვემდებარებაში გადასული. ასევე არის მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ აფხაზეთში გაძლიერდეს რუსეთის კონტროლი და ეს პროცესები სამწუხაროდ, გრძელდება”, – ამბობს “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი. 

პრობლემებია ენგურის აქეთაც, სოფლებში, რომლებსაც თბილისი აკონტროლებს და რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებს ესაზღვრება. კვლევაში წერია, რომ გაუკაცრიელებულია არაერთი სოფელი, მათ შორის  ანაკლია, განმუხური, ხურჩა და ორსანტია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend