მთავარიმსოფლიოკავკასიაარაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს. დე-ფაქტო პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 2024 წლის პირველი იანვრიდან დე-ფაქტო სახელმწიფო დაწესებულებები და ინსტიტუტები დაიშლება, ე.წ. სახელმწიფო კი არსებობას შეწყვეტს. სამშვიდობო ხელშეკრულების პირობების შესრულების პარალელურად კვლავ დიდი რიგებია საზღვართან. მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა სომხეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობს. 28 სექტემბრის დილის 10 საათის მონაცემებით, ყარაბაღი უკვე დატოვა მოსახლეობის ნახევარზე მეტმა, 66 500-მა ადამიანმა. როგორც სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, ანალიზი აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომხები საერთოდ აღარ დარჩებიან.

Copyright https://www.civilnet.am/

 „ოთხი შვილი მყავს, უკვე მეორედ გვასახლებენ ხნაპათის ოლქიდან. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რამდენიმე საათი მეზობლის სარდაფში ვაფარებდით თავს. ომი რომ დაიწყო ბავშვები გარეთ იყვნენ და ჩემთან მოვიდნენ ყვირილით: – ომი დაიწყო! ყველა მხრიდან ისმოდა სროლის ხმა. ბავშვები ტიროდნენ, სიმართლე რომ გითხრათ, მეც ძალიან მეშინოდა. როდესაც პირველად იძულებული ვიყავით, შუშაში საკუთარი სახლი დაგვეტოვებინა და ახალი ცხოვრება დავიწყეთ აკერანში, მივეჩვიეთ ამ სოფელს, აღარ გვინდა ისევ ყველაფრის დაკარგვა და  ნულიდან დაწყება“, – ამბობს ოთხი შვილის დედა არმინე კაზარიანი.

 „რამეს ვიზამთ, რომ ბავშვებზე ზრუნვის საშუალება გვქონდეს. ვნახოთ, რა სამსახურის პოვნას შევძლებთ იქ“, – ამატებს ნორაირ გრიგორიანი, არმინეს ქმარი.

სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 11 ათასი ლტოლვილი საცხოვრებლით სახელმწიფომ უზრუნველყო. მთავრობამ  ყარაბაღელი ლტოლვილების საჭიროებებისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიარდი სომხური დრამი გამოყო, რაც დაახლოებით 25 მილიონი დოლარია.

აზერბაიჯანთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც დაყარეს იარაღი, უნდა მიეცეთ თავისუფალი და შეუფერხებელი გადაადგილების უფლება ლაჩინის დერეფნის გავლით.

სამშვიდობო ხელშეკრულების მეორე პუნქტის მიხედვით, ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის ამჟამად მის ფარგლებს გარეთ მყოფები, უნდა გაეცნონ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს და დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად გადაწყვიტონ ყარაბაღში დარჩენა-დაბრუნების საკითხი.

Copyright https://www.civilnet.am/

 

 

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend