მთავარისაქართველოროგორ მოედო ცეცხლი აფხაზეთს

როგორ მოედო ცეცხლი აფხაზეთს

აფხაზეთში დღეს უამრავი რუსული ბაზაა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, უდიდესი სამხედრო ბაზაა გუდაუთაშიც.

აფხაზეთში ომის შემდეგ, 1999 წელს, ხელი მოეწერა სტამბოლის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2001 წლამდე რუსებს ვაზიანისა და გუდაუთის ბაზები უნდა დაეცალათ. ასევე აღინიშნა, რომ მხარეებს ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების დაცლაზე მოლაპარაკებები 2000 წელს უნდა დაესრულებინათ.

2001 წელს რუსეთმა გაიყვანა ვაზიანიდან სამხედრო შენაერთები, თუმცა არა გუდაუთიდან. მოლაპარაკებებს ფაქტობრივად შედეგი არ ჰქონდა. 2005 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა მორიგი შეთანხმება, რომელშიც გაიწერა დარჩენილი ბაზების გაყვანის დეტალები.
თუმცა გუდაუთის ბაზა შენარჩუნდა, მეტიც, 2008 წლის რუსული ინტერვენციის შემდეგ აფხაზეთში რუსული სამხედრო კონტინგენტი გაიზარდა და გაძლიერდა.

საომარი მოქმედებები საქართველოსთვის მეტად რთულ ვითარებას დაემთხვა. 1991 წლის ბოლოს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა იმ დონემდე გაიზარდა, რომ წლის ბოლოს სამოქალაქო ომი დაიწყო. შეიცვალა ხელისუფლება. სამოქალაქო ომმა, რომელიც 1993 წლამდე გაგრძელდა, სრულად მოშალა ქვეყნის ეკონომიკა, საზოგადოება გახლიჩა. სწორედ ამ დროს დაიწყო სამხედრო დაპირისპირებები აფხაზეთში.

სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ კატაკლიზმებთან ერთად სრულად მოიშალა სამართალდამცველი ინსტიტუტები, გაიზარდა კრიმინალიც.

1992 წლის მარტში საქართველოში დაბრუნდა ედუარდ შევარდნაძე. ომი იყო სამაჩაბლოშიც, ცხინვალის რეგიონში.

ამავე პერიოდში დაიწყო ე.წ. „სოჭის შეთანხმებაზე“ მუშაობა , რომელიც სამხრეთ ოსეთში რუსული ჯარის შემოყვანასა და მათი დახმარებით კონფლიქტის დასრულებას გულისხმობდა. ეს მეტად არასახარბიელო ნაბიჯი იყო, რადგან ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში რუსული არმია ავტომატურად აღიქმებოდა კოლონიურ ძალად. მეორე მხრივ, ქვეყანაში ეკონომიკური თუ სოციალური კოლაფსის შესაჩერებლად აუცილებელი იყო კონფლიქტების დასრულება.

ამ ყველაფრის ფონზე აფხაზეთში მოჩვენებითი სიმშვიდე იყო. სამოქალაქო ომის საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი იმ დროისათვის დასავლეთ საქართველო იყო. აფხაზეთში მცხოვრებ სეპარატისტებს არ სურდათ დამოუკიდებელი საქართველოს ფარგლებში ყოფნა. 1989 წელს ლიხნის კრებაზე შედგა პეტიცია, რომლის მთავარი გზავნილიც იყო აღდგენილიყო აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკა. როგორც ექსპერტები და ისტორიკოსები მიიჩნევენ, სეპარატისტული ჯგუფები შესაფერის დროს ეძებდნენ.

1992 წლის 10 აგვისტოს თბილისში ხელისუფლებამ გამოაცხადა გადაწყვეტილება აფხაზეთში ჯარების შეყვანის შესახებ. მიზეზად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთში გადაყვანილი მძევლების გათავისუფლება და აფხაზეთის რკინიგზაზე წესრიგის დამყარება დასახელდა.

პირველი შეტაკება ოჩამჩირის რაიონში მოხდა. შემდეგი შეტაკება კი აგუძერაში და ასე მოედო ცეცხლი აფხაზეთს.

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გვარდიის შენაერთები საზღვაო და საჰაერო ძალების მხარდაჭერით შევიდნენ აფხაზეთში. შეტევაში ასევე მონაწილეობდნენ მოხალისეები და გასამხედროებული შენაერთები. აფხაზეთში გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის რაიონებიდან შევიდნენ. 18 აგვისტოს კი სოხუმზე სრული კონტროლი დაამყარეს.

ვლადისლავ არძინბამ, რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი და სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი იყო, დახმარება ითხოვა.

აფხაზეთის ომში ჩაერთო მთიელ ხალხთა კონფედერაცია.

საქართველოსთან ომში ჩაებნენ მოხალისეები ჩრდილოეთ კავკასიიდან და რუსეთიდან. ექსპერტებისა და ისტორიკოსების აზრით, რუსეთი, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ეხმარებოდა მათ და სიტუაციას ამწვავებდა.

ამავე ამბავზე:

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend