უკრაინაში ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. თავდაცვის ძალები ყველა საშუალებით ცდილობენ, ტერიტორია რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლონ. რუსულ სამხედრო ბლოგებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლში უკრაინელებმა შავი ზღვის ფლოტის სარდლობის შენობა დაბომბეს.
აქტიური საბრძოლო მოქმედებების პარალელურად კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში, რომ უკრაინამ თავად აწარმოოს იარაღი, რომელიც შეტევითი ოპერაციების წარმატების წინაპირობაა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში იარაღის წარმოებას შეერთებული შტატებიც შეუწყობს ხელს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების წარმოებაზეც ისაუბრა.
ექსპერტების შეფასებით, რადგან უკრაინა ახლა მეტწილად დამოკიდებულია დასავლეთიდან შემოტანილ შეიარაღებაზე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ საკუთარი სამხედრო მრეწველობა განავითაროს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აუცილებელიცაა, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მრეწველობა შესაძლოა კრემლის სამიზნეც გახდეს.
უკრაინის ფრონტზე კი გრძელდება სამხედრო დაპირისპირება. რუსებმა საავიაციო იერიში მიიტანეს ხერსონის ოლქზე. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები იუწყებიან, ოკუპანტებმა სხვადასხვა რეგიონზე იერიშის დროს 44 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ მტერს აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ.
შემოდგომაზე უკრაინაში წვიმების სეზონი იწყება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კლიმატური პირობების ცვლილება საბრძოლო მოქმედებების ტემპს აუცილებლად შეცვლის.