მთავარიმსოფლიოკავკასიამორიგი შეთანხმება ყარაბაღში ერევნის ჩართულობის გარეშე

მორიგი შეთანხმება ყარაბაღში ერევნის ჩართულობის გარეშე

აზერბაიჯანში დღეს, 20 სექტემბერს,  მთიანი ყარაბაღის ბოლო დაპირისპირების დროს გარდაცვლილები დაკრძალეს.  ეს ამბავი ბაქოს მხრიდან მორიგი შეთანხმების შესახებ გამოცხადებას დაემთხვა.  ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ბაქო ყარაბაღში ანტიტერორისტულ ოპერაციას წყვეტს და სანაცვლოდ სომხური არმიისა და შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან რეგიონის დატოვებას, იარაღის დაყრასა და მძიმე ტექნიკის ჩაბარებას ითხოვს. ბაქოში აცხადებენ, რომ ეს პირობები უკვე სრულდება.

აზერბაიჯანის  თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ანარ აივაზოვი ამბობს:  „შევთანხმდით, რომ შევაჩერებთ ადგილობრივ ანტიტერორისტულ ოპერაციას.  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რეგიონში განთავსებულმა  სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა,  ასევე სომხეთის უკანონო შეიარაღებულმა  ფორმირებებმა უკვე დაყარეს იარაღი, დატოვეს საბრძოლო პოზიციები და ისინი ბოლომდე განიარაღებულნი არიან“.

ამ ამბავში უჩვეულო ის არის, რომ შეთანხმება თვითგამოცხადებული “არცახის” მოსახლეობის წარმომადგენლებსა და ბაქოს შორის შედგა და  სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ერევანი ამ მოლაპარაკებებში ჩართული არ ყოფილა. სომხეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ფაშინიანი ამბობს,  რომ სომხეთმა ყარაბაღის ხელისუფლების გადაწყვეტილება ცნობად მიიღო. სომხეთის პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ რუსი სამშვიდობოები ამ შეთანხმების  შესაბამისად პასუხისმგებლობას აიღებენ, რომ რეგიონში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უფლებები და მშვიდობიანი ცხოვრება დაიცვან. თუმცა ფაშინიანის თქმით, მას აქამდეც ეგონა, რომ ეს პასუხისმგებლობა რუსეთს 2020 წლის შეთანხმებით ჰქონდა აღებული.

ამასობაში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე ყარაბაღის ამბებზე ვლადიმერ პუტინმაც ილაპარაკა. ჩვეული პათოსით მან ყარაბაღის რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფელების როლზე ისაუბრა  და როგორც სჩვევია ხოლმე,  აქცენტი ისევ მოსახლეობაზე დასვა – თითქოს, რუსი მშვიდობისმყოფელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იქაურებისთვის მშვიდობა უზრუნველყონ.

ვლადიმერ პუტინი ამბობს:  „ჩვენი მშვიდობისმყოფელები ძალიან აქტიურად მუშაობენ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარესთან. აკეთებენ ყველაფერს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან. ჩვენს დისლოკაციის ადგილზე უკვე 2000-ზე მეტი მოქალაქეა, აქედან ათასზე მეტი ბავშვია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს ახლო კომუნიკაცია ყველა მხარესთან ამ კონფლიქტის. ოფიციალურ პირებთან ერევნიდან, სტეფანაკერტიდან და ბაქოდან…  ვფიქრობ, შევძლებთ მივაღწიოთ დეესკალაციას და გადავჭრათ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით“.

უცნობია,  მოიტანს თუ არა ყარაბაღში მშვიდობას ეს მორიგი შეთანხმება. ფაქტია, რომ 2020 წელს, რუსეთის შუამავლობით გაფორმებულმა დოკუმენტმა ყარაბაღელებისთვის მშვიდობა ვერ მოიტანა და მეტიც,  2 წლის შემდეგ, ევრონიუსთან ინტერვიუში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა თქვეს, რომ 2020 წლის  შეთანხმება სულაც არ იყო სამშვიდობო, რადგან უფრო მეტად ცეცხლის შეწყვეტას ემსახურებოდა.

„ადგილობრივი ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყების შესახებ აზერბაიჯანმა გუშინ, 19 სექტემბერს, გამოაცხადა,   როცა ჯერ ისევ არ იყო დასრულებული  სომხეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომელიც  რუსეთში არ მოსწონთ. მით უმეტეს არ მოსწონთ იმ ფონზე, როცა ერევანი უკვე უარს ამბობს რუსეთის ინიციატივით დაფუძნებული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების სამხედრო წვრთნაში მონაწილეობაზე, რომელიც ბელარუსში იმართება.  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოლო პერიოდში ბაქოს უკვე რამდენჯერმე შესთავაზა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარება, თუმცა თვეები გადის და სხვადასხვა  საერთაშორისო პლატფორმაზე უამრავი მცდელობის მიუხედავად,  შეთანხმება ჯერ ვერ შედგა. ფაშინიანის ამ შეთავაზებების გამო ერევნის ქუჩებში უკვე რამდენჯერმე იყო ანტისამთავრობო აქციები. ასეა ამჯერადაც…  ამ ორი დღის განმავლობაში ერევანში, სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და პოლიციელების შეტაკებისას დაშავდა 34 ადამიანი, მათ შორის პოლიციის 16 თანამშრომელი.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend