მთავარისაქართველო"საზოგადოებას უნდა ეს ევროპული მომავალი, სხვა მომავალი ჩვენ არ გვაქვს" - საქართველოს პრეზიდენტი...

“საზოგადოებას უნდა ეს ევროპული მომავალი, სხვა მომავალი ჩვენ არ გვაქვს” – საქართველოს პრეზიდენტი  

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში  უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში შეკრებილებს მიმართა, რომ საქართველო შედის ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში, სადაც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლი უმნიშვნელოვანესია.

მთავარი არის, რომ ჩვენ ყველას – ქვეყანას, საზოგადოებას უნდა ეს ევროპული მომავალი, სხვა მომავალი ჩვენ არ გვაქვს. სხვა მომავალი და ამას მინდა ხაზი გავუსვა, არ შეიძლება დღეს იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს. მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ არ დაუშვებს. არავინ არ შეგვაშინოს, რომ რაღაც შეუძლებელია. ყველაფერი ჩვენს ხელშია და ვერავინ ვერ დაგვაკარგვინებს. ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისადმი აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე და თქვა, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს კითხვებზე პასუხი.

 „ბატონმა კახამ მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება, თურმე, ჩემი ვიზიტებია ევროპაში. არა ბატონო კახა! ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს” თუ „კაგებეს” აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის ის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომლებიც ამას დღეს უნდა იძიებდნენ და პასუხისმგებლობა მათზეა. მე აქ, თქვენს წინაშე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად, დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ ეს არის მოთხოვნა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ევროპაში დაგეგმილ ვიზიტებზეც.  ამ ვიზიტების ირგვლივ შექმნილი ხმაურის მიუხედავად, პრეზიდენტმა  დღეს თქვა, რომ უახლოეს დღეებში აპირებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე პოლონეთსა და ბელგიაში გამგზავრებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend