მთავარისაქართველოსკოლა სამი მოსწავლით - კოდავარდისუბანში პირველი ზარი დაირეკა

სკოლა სამი მოსწავლით – კოდავარდისუბანში პირველი ზარი დაირეკა

კოდავარდისუბნის დაწყებით სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. აქ არ ისმის ისეთივე ჟრიამული, როგორც დიდი ქალაქების სკოლებში. ამ სკოლას წელს ორი პირველკლასელი ჰყავს,  ციცი და ანდრია. კიდევ ერთი მოსწავლე, სოსო, უკვე მესამე კლასელია. აქ ერთი საკლასო ოთახია და სკოლის სამივე მოსწავლეს გაკვეთილები ერთად უტარდება.

„კლასკომპლექტში მიდის სწავლის პრინციპი, თუ პირველკლასელი მოსწავლეები წერით დავალებას ასრულებენ, მესამე კლასელი ამ დროს კითხულობს, ან ზეპირად მცემს პასუხს. ძირითადად, სოფლის მცირეკონტინგენტიან სკოლებში კლასკომპლექტები მუშაობს“, – გვიხსნის ლელა ბესტავაშვილი, მასწავლებელი.

ლელა ბესტავაშვილი კოდავარდისუბნის დაწყებით სკოლაში  უკვე მეექვსე წელია, რაც ასწავლის. იხსენებს, რომ ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტი, ოთხი მოსწავლე 2018 წელს ჰყავდა. იყო დრო, როცა მხოლოდ ერთ მოსწავლეს ასწავლიდა. გარდა ლელა მასწავლებლისა, სკოლას კიდევ სამი პედაგოგი ჰყავს.

„მცირეკონტინგენტიანი იმიტომ არის ეს სკოლა, რომ სოფელი მიგრაციას განიცდის. შიდა მიგრაციაა, ქალაქში გადადიან სამუშაოდ და საცხოვრებლად.

ზამთარში ძირითადად ღუმლით ვთბებით. ინტერნეტი არ გვაქვს, სოფელსაც არ აქვს ინტერნეტი. მე ხომ მაქვს ტელეფონში ინტერნეტი და ვუზიარებ მოსწავლეებს როცა სჭირდებათ“.

ლელა ბესტავაშვილი კოდავარდისუბანში სოფელ აგარიდან დადის. მისი თქმით, სკოლამდე რომ მივიდეს, ყოველ დღე 7 კილომეტრის გავლა უწევს ფეხით.

„ხაშურში მიმავალ სამარშრუტოს მოვყვები და ჩამოვდივარ მოხისის გაჩერებასთან. იქედან მოვდივარ ფეხით. იქედან კოდავარდისუბნამდე დაახლოებით შვიდი კილომეტრია. იმავე გზის გავლა მიწევს უკან. ზამთარშიც, ზაფხულშიც, თოვლშიც და ქარშიც“.

კოდავარდისუბანში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების წინ დაწყებით სკოლაში 20-მდე ბავშვი სწავლობდა. ახლა ახალგაზრდებს სოფელში იშვიათად შეხვდებით. როგორც სხვა სოფლებში, აქაც ბევრი სახლი მიტოვებულია.

„მე მყავდა ერთი კლასელი, მაგრამ იყო სხვა კლასებიც. დაახლოებით, რვა ბავშვი ვიყავით. მაშინ ასეთი არ იყო. ბევრად ცუდი პირობები იყო, სიცივე, გათბობაც არ გვქონდა, ფანჯრებიც თითქმის არ იყო და ძალიან ბევრი რამ გვაკლდა. ახლა შედარებით უკეთესია და ვისურვებდი, რომ უფრო უკეთესი იყოს. ახლა სოფელში დაახლოებით 50 ოჯახია და ახალგაზრდაც ბევრი არაა, 10-12 ვიქნებით“, – ამბობს ანნა პაპიაშვილი, რომელიც წლების წინ ამავე სკოლაში სწავლობდა და ახლაც სოფელში აგრძელებს ცხოვრებას.

კოდავარდისუბნის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელში ბავშვი იშვიათად იბადება და არსებობს იმის საფრთხე, რომ წლების შემდეგ ამ სკოლაში პირველი ზარი აღარ დაირეკოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend