მაროკოს სამეფომ გასულ კვირას მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული 50 000-ამდე შენობის მცხოვრებლების დროებითი დაბინავებისა და საგანგებო დახმარების შესახებ განაცხადა. სამეფო კაბინეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზარალებული მოქალაქეები განთავსდებიან ისეთ შენობებში, რომლებიც სიცივესა და უამინდობას გაუძლებს. მოქალაქეებს ასევე გაეწევათ ფინანსური დახმარება.
მაროკოს პატარა სოფელ ტალატ-ულდადაში თითქმის ყველა სახლი განადგურდა, სოფლის მოსახლეობა კი რთულ მდგომარეობაშია. მამაკაცები სახელდახელოდ აგებულ ბანაკში სასმელ წყალს ჯორებით ეზიდებიან.
ადგილობრივი მცხოვრები მუჰამედ ალაიუტი ამბობს, რომ დახმარება მიწისძვრიდან 48 საათში მოვიდა, რადგან გზა ქვებითა და მიწით იყო ჩახერგილი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზის გასაწმენდად და მოძრაობის აღსადგენად სპეციალური მანქანები ამიზმიზიდან გამოგზავნა.
ზარალი მიადგა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ მარაქეშის ისტორიულ ბაზარს – მედინას, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქიტექტორები მიყენებულ ზარალს ითვლიან.
ბოლო მონაცემებით, 8 სექტემბერს მარაქეშის სამხრეთით გვიან ღამით მომხდარ მიწისძვრას 2946 ადამიანი ემსხვერპლა, 5674 კი დაშავდა.