მთავარიმსოფლიო11 სექტემბრის ტერაქტიდან 22 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 22 წელი გავიდა

ზუსტად 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბური ტერორისტული აქტები განხორციელდა.
ტერორისტული აქტების სერიამ, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ომს ჩაუყარა საფუძველი, უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ენციკლოპედია „ბრიტანიკის“ მონაცემებით, მხოლოდ ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრებზე შეტევას 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 184 ადამიანი ემსხვერპლა პენტაგონში განხორციელებულ ტერაქტს, პენსილვანიის შტატში 40 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 400 კაცი პოლიციელი და მეხანძრე-მაშველი იყო.


სანამ უშუალოდ ტერაქტის მომზადების პერიოდს შევეხებით, ვეცდებით, მივყვეთ ქრონოლოგიურად და დეტალურად ვისაუბროთ ტერაქტის აღსრულების დღეზე.


2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, ბოსტონიდან ორი თვითმფრინავი აფრინდა. ამერიკული ავიახაზების თვითმფრინავი დილით, 07 საათსა და 59 წუთზე უკვე ჰაერში იყო. იგი მიფრინავდა ლოს-ანჯელესის მიმართულებით. 08 საათსა და 14 წუთზე ბოსტონიდან აფრინდა მეორე თვითმფრინავი ასევე ლოს-ანჯელესის მიმართულებით. 08 საათსა და 20 წუთზე თვითმფრინავი აფრინდა დალესის აეროპორტიდან, 08 საათსა და 42 წუთზე კი – ნიუ-ჯერსიდან. პირველი შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც ოთხივე გატაცებული თვითმფრინავი ჰაერში იყო. 08 საათსა და 46 წუთზე ბოსტონიდან გამოფრენილი თვითმფრინავი შეეჯახა ჩრდილოეთ ცათამბჯენს. დაახლოებით 15 წუთში კი ასევე ბოსტონიდან გამოფრენილი თვითმფრინავი მეორე ცათამბჯენს შეეჯახა. ამ დროს ამერიკის უსაფრთხოების სისტემაში უკვე სერიოზული განგაში იყო გამოცხადებული. ოპერატიულად მუშავდებოდა და მოწმდებოდა მონაცემები ამ კატასტროფის შესახებ. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებზე შეჯახებიდან ძალიან მალე პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა თვითმფრინავი. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. თუმცა მოგვიანებით, მკვლევრებისა და სხვადასხვა ენციკლოპედიური გამოცემის მონაცემებით, კატასტროფის მიზეზად მგზავრთა წინააღმდეგობა დასახელდა. ამ ინციდენტიდან თითქმის ნახევარი საათის შემდეგ მეოთხე თვითმფრინავი ეჯახება პენტაგონს. ამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთით ადრე ამერიკის საჰაერო სივრცე დაიხურა და ყველა საფრენ აპარატს მოუწოდეს უახლოეს აეროპორტებში დაშვება.


მსოფლიო სავაჭრო ცენტრებზე შეჯახებიდან დაახლოებით ორ საათში ცათამბჯენები ჩამოინგრა. მსხვერპლის რაოდენობამ რამდენიმე ათასს მიაღწია. საინტერესოა, ვინ იყვნენ თავდამსხმელები? ჩვენ გავეცანით სხვადასხვა კვლევას, მათ შორის საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის კვლევებს, რომლებშიც ვკითხულობთ, რომ 1986 წლისთვის ოსამა ბინ ლადენს ჰქონდა მონაცემთა ბაზა, სახელწოდებით „ალ-ქაიდა“. მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა თავად დაჯგუფებას. ამ მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი იყო არაბული ქვეყნებიდან აყვანილი იმ მებრძოლების მონაცემები, რომლებიც ავღანეთში საბჭოთა კავშირის ომის დროს ეხმარებოდნენ ავღანელებს. ეს მონაცემები ახლდებოდა, ჯიჰადის გამოცხადების შემდეგ მოხალისეების მოზიდვის პროცესი გრძელდებოდა. სწორედ სხვადასხვა არაბული ქვეყნიდან წამოყვანილი პირები იყვნენ თვითმფრინავების გამტაცებლები. ტერაქტში მონაწილეებს სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდათ. იყვნენ დამგეგმავები, ერთ-ერთი მათგანია, მაგალითად, ხალიდ შეიხ მუჰამედი. იგი პირადად არ მონაწილეობდა ტერაქტის აღსრულებაში. ოსამა ბინ ლადენი ფინანსური მხარდამჭერი და ლიდერი იყო. დანარჩენები კი იყვნენ ის პირები, რომლებმაც უშუალოდ განახორციელეს თავდასხმა. 19 გამტაცებლის ასაკი 20-იდან 33 წლამდე მერყეობდა. ისინი წარმოშობით ეგვიპტიდან, საუდის არაბეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ლიბანიდან იყვნენ.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ალ-ქაიდამ“ აიღო. თუმცა ჯერ კიდევ 1997 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ოსამა ბინ ლადენმა ამერიკის შეერთებულ შტატებს „ჯიჰადი“ გამოუცხადა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ კვლავ გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ოსამა ბინ ლადენს ანგარიშს აბარებდნენ ტერაქტის შესახებ. მკვლევართა აზრით, 11 სექტემბრისთვის მზადება „ალ-ქაიდამ“ რამდენიმე წლით ადრე დაიწყო და მას წინ უძღოდა სხვა ტერაქტების სერია.


კითხვას, როგორ მოახერხა 19-მა ტერორისტმა აშშ-ის საზღვრის გადაკვეთა და მათ შორის ფრენის ლიცენზიების მოპოვება, ასევე თვითმფრინავების გატაცება, შეთქმულების თეორიები მოჰყვა. ბევრი საუბრობდა, რომ ეს ტერაქტი დაგეგმილი იყო, რომ ამერიკას რეალურად მიზეზი სჭირდებოდა არაბულ სამყაროზე იერიშის მისატანად. მკვლევართა აზრით, ეს თეორიები საფუძველს მოკლებულია, რადგან ტერაქტამდე „ალ-ქაიდამ“ ამერიკას „ჯიჰადი“ გამოუცხადა. ასევე გავრცელდა ამ ტერაქტის მომზადების გეგმაც.


ტერაქტის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგი შეიცვალა. 2001 წლის 16 სექტემბერს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა ტერორიზმის წინააღმდეგ ოფიციალურად გამოაცხადა გლობალური ომი, რომელიც შიდა პოლიტიკური რეფორმებისა და საერთაშორისო სამხედრო კამპანიების ერთობლიობას მოიცავდა. გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაუდგა. გამოიცა „პატრიოტის აქტი“, რომელმაც ძალოვანი და სადაზვერვო სტრუქტურების გავლენა მნიშვნელოვნად გაზარდა. აქტის მეშვეობით, ძალოვნებმა პოტენციური ეჭვმიტანილების მოსმენისა და თვალთვალის შეუზღუდავი უფლება მოიპოვეს. ეს აქტი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს ამერიკის შეერთებული შტატების „თავისუფლების აქტით“ ჩანაცვლდა.


სწორედ 2001 წლის ტერაქტის შემდეგ დაიწყო მრავალწლიანი სამხედრო კამპანია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, სადაც გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი სამხედროებიც ჩაერთნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend