რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული ასაკის ბავშვების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით – სწორედ ამ მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა თბილისის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 600-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი განახლებული პროგრამით – „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ გადაამზადა.
განახლებული პროგრამის მიხედვით, ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვის თემებს კლიმატის ცვლილების საკითხები დაემატა. აღმზრდელებისა და მეთოდისტების გადამზადება გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის – „მმართველობის რეფორმის ფონდის“ ფარგლებში განხორციელდა. ამ თემის შესახებ “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა ისაუბრა.