მთავარისაქართველოჯოზეპ ბორელის ვიზიტის პოლიტიკური მოლოდინი საქართველოში

ჯოზეპ ბორელის ვიზიტის პოლიტიკური მოლოდინი საქართველოში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეპ ბორელის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს მმართველი პარტია საქართველოსა და მისი მთავრობის მხარდამჭერ აქტად მიიჩნევს. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლობა თვლის, რომ მხოლოდ პრობლემებზე არ იქნება საუბარი, რადგან საქართველომ მმართველი გუნდის ძალისხმევით, ევროკავშირთან დაახლოებისთვის მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ჯოზეპ ბორელთან შეხვედრებისას ასევე აპირებენ, რომ ოპოზიციის შესახებაც ისაუბრონ.

“ეს ვიზიტი მხარდაჭერა არის საქართველოსი და არამარტო 12 რეკომენდაციის შესრულებაზე იქნება ლაპარაკი, არამედ განიხილება საერთოდ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობა. საქართველოს მიერ თავისი ვალდებულებების შესრულების მაჩვენებელი გაცილებით აღემატება ბევრი კანდიდატი ქვეყნის მაჩვენებელს. სასაუბრო ძალიან ბევრია, გამოწვევები ძალიან ბევრია. ასევე საუბარი იქნება საერთაშორისო ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ჩვენ გარშემო მსოფლიოში”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი თვლიან, რომ ჯოზეპ ბორელის ვიზიტი საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთგვარი გაფრთხილება, ხოლო ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება იქნება. „ქართული ოცნების“ ოპონენტების განცხადებით, ევრორეკომენდაციების ძირითადი ნაწილის შეუსრულებლობის ფონზე, ბორელს მმართველ გუნდთან საუბარი გეოპოლიტიკურ ჭრილში ექნება. მათი მოლოდინით, ბორელი პირდაპირ ეტყვის მთავრობას სათქმელს, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. თუმცა ამისთვის, ხელისუფლებამ ანტიდასავლური რიტორიკა უნდა შეწყვიტოს და მეტად ეცადოს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი დასავლურ ორბიტაზე დააბრუნოს.

„გზავნილი იქნება – თუ რეკომენდაციებს არ ასრულებ, ჯანდაბას, შეიძლება თვალი დავხუჭოთ და სტატუსი ავანსადაც მოგცეთ, მაგრამ საშინელებებს ნუ სჩადიხართ – ნუ უცხადებ პრეზიდენტს იმპიჩმენტს ევროპაში ვიზიტის გამო, ნუ იღებენ „აგენტების” შესახებ კანონს, ნუ გაქვთ ანტიდასავლური და პრორუსული რიტორიკა, ანტიუკრაინული განწყობა. ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჩამოსვლა იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს არ სურს საქართველო გაწიროს, პრორუსული ხელისუფლების გამო ევროინტეგრაციის გზას ჩამოსცილდეს და კიდევ უფრო მეტად დაშორდეს უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

ამ ვიზიტთან დაკავშირებით, პოლიტიკოსების პოლიტიკური მოლოდინები განსხვავებულია. თუმცა ერთ საკითხში ორივე მხარეს მსგავსი მოსაზრებები აქვს, რომ ევროსტრუქტურის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირის სტუმრობა, ცალსახად ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის გამოხატულებაა. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეპ ბორელს საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის შესახებ წინასწარი განცხადება არ გაუკეთებია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend