მთავარისაქართველოჯოზეპ ბორელის განცხადება

ჯოზეპ ბორელის განცხადება

ოფიციალურ შეხვედრებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საზოგადოებას მიმართა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეპ ბორელმა საქართველოში ვიზიტი მოკლე განცხადებით დაიწყო. გთავაზობთ ჯოზეპ ბორელის განცხადებას:

„თქვენს მშვენიერ ქვეყანაში, საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტია როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტის რანგში. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ევროკავშირისთვის. ახლა კი გადამწყვეტი მომენტია თქვენი ქვეყნის მომავლისთვის. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ევროკავშირმა გარკვეული დავალებები მისცა, იმისთვის, რომ მომდევნო ნაბიჯი გადაიდგას ევროკავშირში წევრობისთვის. ღიად მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირი ღიაა საქართველოსთვის. შესაბამისად, ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს ამ მისწრაფებაში საქართველოს. კარი ღიაა, მეც მხარს ვუჭერ თქვენს ევროპულ გზას. მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის წევრობა სერიოზული განაცხადია და მანამდე კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა საჭირო. ეს არის მხოლოდ ტიტული. ის უნდა მოიპოვო. მისი მოპოვებისთვის კი სერიოზული რეფორმები და მუშაობაა საჭირო. ყველა საჭირო მოთხოვნა უნდა შესრულდეს ზედმიწევნით და მოთმინებით. საქართველოს შემთხვევაში ასეთი 12 პრიორიტეტია. ისინი სრულად უნდა შესრულდეს, რაც უნდა დაადასტუროს ევროპულმა კომისიამ. ამ 12 რეკომენდაციის შესრულება არ სჭირდება ბრიუსელს, ან რომელიმე წევრ ქვეყანას ევროკავშირში, ამით ვინმე ბრიუსელში უფრო ბედნიერი არ გახდება. ეს ჭირდება საქართველოს და ქართველ ხალხს.

მე ვნახე ევროკავშირის დროშები ყველგან, ქუჩაში, შენობებზე. ასევე ვიცი, რომ ქართველების 80%-ია ევროპული მომავლის მხარდამჭერი. მე მადლიერებას და პატივისცემას გამოვხატავ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ რიცხვშია და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ერთად და კონსტრუქციულად უნდა იმუშაოთ, რამდენადაც განსხვავებული პოზიციები არ უნდა გქონდეთ სხვა საკითხების მიმართ. ახლა ერთიანობა ისეთი აუცილებელია, როგორც არასდროს. ჩემი ვიზიტის განმავლობაში შევხვდები ყველა მაღალი თანამდებობის პირს და აქტორს ამ ქვეყანაში.

ჩვენ განვიხილავთ მიღწეულ პროგრესს და იმ დანაკლისს, რაზეც მუშაობის გაგრძელება იქნება აუცილებელი. მოკლე დროა დარჩენილი, როდესაც საქართველომ უნდა დაადასტუროს, რომ არის კანდიდატის წევრობის სტატუსის მიღებისთვის მზად. ჩვენ საქართველოს მსხვილი ფინანსური მხარდამჭერიც ვართ. მხოლოდ 2021-2024 წლებში 300-იდან 400 მილიონამდე ევროს შეადგენს ჩვენგან ფინანსური დახმარება სხვადასხვა მიმართულებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უწყვეტი და აქტიური მუშაობა, რომელიც თბილისთან ახლოს მუშაობს და წვლილი შეაქვს მშვიდობაში. ჩემი ეს ვიზიტი მრავლისმთქმელი იქნება მნიშვნელობის მხრივ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრები მელის ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ბედნიერი ვარ, რომ ეს ვიზიტი დაიწყო“, – განაცხადა ბორელმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend