ევროპაში ბიზნესის გაკოტრების მეოთხედის მიზეზად გაწეული მომსახურებისა თუ მიწოდებული პროდუქტის საფასურის დაგვიანებული გადახდა სახელდება. ყველაზე მეტად მაინც მცირე და საშუალო ბიზნესი ზარალდება. ევროკომისია პრობლემის გადაჭრას რეგულაციებში ცვლილებების შეტანით აპირებს.
ევროპაში გაკოტრების ოთხი შემთხვევიდან ერთი ვადაგადაცილებულ გადახდაზე მოდის.
საფასურის დაგვიანებით გადახდა დიდი პრობლემაა მეწარმეებისთვის – ეს პრობლემებს უქმნის ხელფასებს, ინვესტიციებსა და ფულად ნაკადებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ემოციურ ზიანზე. მაინც რისი გაკეთება შეუძლია ევროკომისიას, რომ ეს ტენდენცია შეცვალოს?
ვადაგადაცილებული გადახდები, რომლებიც მოიცავს ბიზნესისა და თვითმმართველობის ფინანსურ ვალდებულებებს, საკმაოდ ძვირი უჯდება ევროპის ეკონომიკას, რომელიც ამ მიზეზის გამო ყოველ წელს იმხელა ზარალზე გადის, რომელიც აღემატება ფინეთის მთლიან შიდა პროდუქტის მოცულობას. მოდის დიზაინერი კაროლინ დარტს საფრანგეთში ტანსაცმლის ბიზნესი აქვს. მან გაიხსენა, თუ რა რთულ მდგომარეობაში აყენებს ბიზნესს ვადაგადაცილებული გადახდა.
„ჩვენ ვქმნით მცირე კოლექციებს, რომელთა დიზაინერიც მე ვარ“, – ამბობს კაროლინი. „ახლა ვნერგავთ ოპერაციას „ბიზნესი ბიზნესისთვის“, რომლის ფარგლებშიც ჩვენს პროდუქციას პატარა მაღაზიებზე ვყიდით. ეს ახალი სტრატეგიაა, რომელსაც თავისი დადებითი მხარეები აქვს, თუმცა აქვს რთულად სამართავი მხარეც. თუკი მაღაზიის მფლობელი ფულს აღარ გადაგვიხდის, ჩვენ პრობლემები გვექმნება და თუ ასე 10 მაღაზია მოიქცევა, ეს საქმეს ძალიან გაართულებს და ჩვენს ნერვულ სისტემაზეც ცუდად აისახება.
როდესაც სამეწარმეო საქმეს იწყებ, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ყოველი თვის ბოლოს ხელფასს მიიღებ. დიდი დრო და შრომა სჭირდება ფულის ამოღებას. თუ გეცოდინება, რომ 30 დღის შემდეგ ინვოისს ნებისმიერ შემთხვევაში დაფარავენ, ეს რადიკალურად შეცვლიდა ვითარებას და ნამდვილად აისახებოდა ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზეც“.
როგორ იცავს ევროკავშირი ბიზნესს ვადაგადაცილებული გადახდებისგან?
საფასურის დაგვიანებით გადახდის გამო ევროპული ბიზნესი ყოველ წელს 275 მილიარდი ევროთი ზარალდება. თანაც, მას დომინოს ეფექტი აქვს – თითოეული დაგვიანებული გადახდა ოთხი სხვა გადახდის დაგვიანებას იწვევს. შედეგად ყველაზე მეტად ზარალდებიან საცალო და სამშენებლო სექტორები, ასევე სურსათის მიწოდების ჯაჭვები.
23 წლის წინ ევროპაში ამოქმედდა კრედიტორთა განსაკუთრებით მცირე ბიზნესის დაცვის რეგულაციები. ვადაგადაცილებული გადახდის დირექტივის მიხედვით, თვითმმართველობამ მიღებული პროდუქტისა და მომსახურების საფასური 30 დღეში უნდა დაფაროს, მაგრამ არსებობს გამონაკლისიც. მაგალითად, კერძო სექტორს უფლება აქვს, ვალი თითქმის 60 დღის დაგვიანებით გაისტუმროს. კომპანიებს უფლება აქვთ, ვადაგადაცილებულ გადახდაზე პროცენტი მოითხოვონ.
შესწორებული ევროპული დირექტივა ვალის სწრაფი დაფარვის კულტურის დანერგვას შეუწყობს ხელს, აღმოფხვრის კონტრაქტის ბოროტად გამოყენების პრაქტიკასა და წაახალისებს მცირე ბიზნესს, რომ უკეთ დაიცვას საკუთარი უფლებები.
სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნდება წინადადებები, რომლებსაც შემდეგ ევროკავშირის პარლამენტი განიხილავს.
რას ითხოვენ პროფესიული გაერთიანებები?
ალბათ, არავისთვის არის ახალი, რომ მცირე ბიზნესი ყველაზე მეტად დაზარალდა. ბიზნესასოციაციებს სურთ გადახდის ვადის შეზღუდვა და საკანონმდებლო ხვრელების ამოვსება.
„როდესაც პროდუქტს აწარმოებ ან მომსახურებას უწევ და კლიენტისგან ამის საფასურს ვერ იღებ, ეს შენს საბრუნავ სახსრებზე აისახება“, – განმარტავს ვერონიკ უილემსი, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ევროპული ასოციაციის SMEunited-ის გენერალური მდივანი.
და რადგან ევროკომისიას ვადაგადაცილებული გადახდების დირექტივაში შესწორებები შეაქვს, ვეორნიკ უილემსი ამბობს, რომ ისურვებდა დაწესდეს ზღვარი გადახდის ბოლო ვადაზე და ის 30-იდან 60 დღემდე განისაზღვროს როგორც კომპანიებს შორის, ასევე ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის არსებულ ვალდებულებებზე. გარდა ამისა, ვერონიკს მიაჩნია, რომ ძალიან ბუნდოვანია კონცეფცია „უაღრესად უსამართლო“ და ესეც უნდა გაირკვეს.
დაგვიანებულმა გადახდებმა ყველაზე მეტად სამშენებლო სექტორი დააზარალა. „ევროპელ მშენებელთა კონფედერაცია“ სამშენებლო მცირე და საშუალო კომპანიებსა და ხელოსნებს წარმოადგენს მთელი ევროპის მასშტაბით. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ფერნანდო სიგჩოს ხიმენესმა „ბიზნესპლანეტას“ აუხსნა, თუ რამ მიიყვანა სამშენებლო სექტორში „ღირებულებათა გრძელი ჯაჭვის“ ბოლო რგოლები პრობლემებამდე.
ფერნანდო სიგჩოს ხიმენესი, EBC-ის გენერალური მდივანი:
„ზოგჯერ ხდება აცდენა მთავარ კონტრაქტორთან, რომელიც როგორც წესი უფრო დიდი ეკონომიკური ოპერატორია და ითხოვს, რომ დააცადონ პროექტის დასრულებამდე და მხოლოდ ბოლოს გაისტუმროს პროექტში მონაწილე სხვადასხვა რგოლის ვალი. ეს ძალთა თანაფარდობას არღვევს“.
ევროპულ მწვანე შეთანხმებაში ჩადებული მზის ენერგიისა და უფრო ეკოლოგიური შენობების მიმართულებით დასახული მიზნების გამო სამშენებლო სექტორზე ზეწოლა გაიზარდა.
„უფრო მწვანე მეთოდებით რომ აშენო, საჭიროა, მეტი ინვესტიცია ჩადო ან მუშახელში, ან ინოვაციებში. საფასურის დაგვიანება კი ჩანასახშივე კლავს პროექტს“, – განმარტავს ფერნანდო სიგჩოს ხიმენესი.
კოვიდი, ბრექსიტი, ომი უკრაინაში – ამ ყველაფერმა ევროპული ბიზნესი ბოლო წლებში გვარიანად შელახა, მცირე ბიზნესს კი ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა. დაგვიანებული გადახდების დირექტივის ეფექტურად შესწორება შესაძლოა უფრო უსაფრთხო მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი გამოდგეს.
ავტორი: ანდრეა ბოლითო