მთავარისაქართველომსოფლიოში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ახალგაზრდების რაოდენობა გაიზარდა

მსოფლიოში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ახალგაზრდების რაოდენობა გაიზარდა

ახალი კვლევის თანახმად, ბოლო სამ ათწლეულში, მსოფლიოში 50 წლამდე ადამიანებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონეთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა.

მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო სამ ათწლეულში, 50 წლამდე ადამიანებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონეთა რაოდენობა 80%-ით გაიზარდა.

ასე ამბობს ამ საკითხზე ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა. ,,ბი-ემ-ჯეი ონკოლოგიაში’’ გამოქვეყნებული სტატიის ავტორებმა 209 ქვეყანა და 29 სხვადასხვა ტიპის ონკოლოგიური დაავადება შეისწავლეს. თუმცა, დარგის სპეციალისტები ახალგაზრდებში ონკოლოგიური დაავადებების მატების გამომწვევი მიზეზების დადგენას ჯერ კიდევ ცდილობენ.

კვლევის შედეგებსა და კიბოს გამომწვევ მიზეზებზე ონკოლოგი ლაშა თურქიაშვილი გვესაუბრა. მისი თქმით, კვლევაში ნაჩვენები ზრდა შესაძლოა, ორგვარად აიხსნას. ერთი მხრივ, ეს არის არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ხოლო მეორე მხრივ, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტექნოლოგიურ განვითარებას, რომელიც კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკას აადვილებს.

,,ეს დაავადებები იბრძვიან თვითგადარჩენისთვის. რაც მეტ ეფექტურ ბრძოლის მეთოდს იგონებს კაცობრიობა ამ დაავადებებთან, მით მეტ სახეცვლილებას განიცდიან ისინი. ისინი თვით-გადარჩენისთვის ებრძვიან იმ გარემოს, რომელშიც ხვდებიან. ამიტომ შემოწმებების რეჟიმიც ახლა უფრო სხვანაირია. ვთქვათ, თუ რომელიმე ორგანოზე სკრინინგ შემოწმებები იწყებოდა 65-70 წლის ასაკის შემდეგ, ახლა მთელ მსოფლიოში, განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში, სკრინინგის ასაკმაც დაიწია. ანუ, შემოწმებები იწყება უფრო ადრე ვიდრე წინა წლებში. ამიტომ მოიმატა დაავადებების ადრეული გამოვლენის სიხშირემ. დიდი რაოდენობით არის სამწუხაროდ, საქართველოში ონკოსნეულებათა რიცხვი. ჩვენი ონკოლოგიური ცენტრები საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობენ. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად დიაგნოსტიკის მეთოდები დაიხვეწა და ადრეულ ეტაპზე ხდება დაავადების გამოვლენა. ჩვენს ორგანიზმს ჩვენვე უნდა მოვუსმინოთ. მოვუსმინოთ იმ რეკომენდაციებს, რაც არსებობს. შეიყვარეთ თქვენი თავი და მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს,“ამბობს ლაშა თურქიაშვილი.

კვლევის თანახმად, რამდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა ლატვია და ლიეტუვა, საპირისპირო ტენდენცია აღინიშნება. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებულმა სიკვდილიანობამ 30%-ით დაიკლო. ლაშა თურქიაშვილის თქმით, ეს სტატისტიკა შესაძლოა ადრეული სკრინინგით აიხსნას.

რეგულარული სკრინინგი, ადრეული ასაკიდან სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი – ექიმები თანხმდებიან, რომ სწორედ ეს არის ყველაზე სანდო გზა ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკის შესამცირებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend