მთავარისაქართველო„პუტინიზმი“ და თავისუფალი სამყარო

„პუტინიზმი“ და თავისუფალი სამყარო

თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “პუტინიზმის დამარცხება!” დასრულდა. ამ ფორმატში კონფერენცია საქართველოში უკვე მეშვიდედ იმართება.  ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღე  15 წლის წინანდელი მოვლენების გახსენებით დაიწყო.  ღონისძიებაზე  არაერთხელ ითქვა, რომ ახლა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე დასავლეთმა კიდევ უფრო კარგად გაიაზრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი საქართველოს დახმარება მაშინ, 15 წლის  წინ… წელს, კონფერენციის ორგანიზატორებმაც მთავარ თემად პუტინის პოლიტიკა და პუტინიზმი სიმბოლურად შეარჩიეს, რადგან ჩათვალეს რომ დღეს, ამ ომიდან 15 წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტია გასააზრებელი და კიდევ უფრო ნათლად ჩანს პუტინიზმის არსი და მისი დამარცხების მნიშვნელობა.

„ევროატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელი, ბათუ ქუთელია ამბობს: „ირიბად შეიძლება ვთქვათ, რომ რეალურად ახალი ცივი ომი, ან ახალი მსოფლიო ომი მიმდინარეობს, რომელშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებას თავისუფალი სამყარო მოიპოვებს, მაგრამ თავისუფალი სამყაროს კონსოლიდაცია და სოლიდარობა როგორც ცივი ომის დასრულების დროს იყო მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანია ახლა…“

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტების ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე  სხვადასხვა ქვეყნიდან  მაღალი რანგის სტუმრები მოიწვიეს. შეიკრიბნენ პოლიტიკოსები, დიპლომატები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები,  იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსნებიც, რომლებიც  2008 წელს აგვისტოს  ომის დროს სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა,  მათ შორის, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაშინდელი  თანაშემწე,  დენიელ ფრიდი.  ის დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე  საუბრობს. თუმცა, მაინც მიაჩნია, რომ ეს ამბავი უფრო მეტად მაინც საქართველოს ხელშია და ამიტომ მოქმედებაა საჭირო…

დენიელ ფრიდი ამბობს: „საქართველოს ევროპული მომავალი უფრო მეტად არის თავად საქართველოს ხელში, ვიდრე ამას ხალხის უმეტესობა აცნობიერებს. ევროპა თავის მხრივ უპასუხებს რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში, იქნება ეს „ქართული ოცნება”, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, „საქართველოსთვის”…  მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებს მთავრობა და მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისთვის, რომ ააშენოს სამართლებრივი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტების ქვეყანა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს და უზრუნველყოფს მის ადგილს ევროპულ ერთა ოჯახში“.

კონფერენციაზე ილაპარაკეს ნატოსა და ევროკავშირის მომავალზეც.  ბევრჯერ ითქვა, რომ რუსეთის უკრაინაში  სრულმასშტაბიანმა  შეჭრამ ალიანსების სამომავლო გეგმებიც შეცვალა.    ნატო უკვე გაფართოვდა,  ევროკავშირის ლიდერები კი  უკვე კონკრეტულ ვადებსაც ასახელებენ, როცა ბლოკი გაფართოებისთვის მზად იქნება.  კონფერენციაზე დღეს ასევე ამბობდნენ, რომ  ახლა, ამ რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებსა და რეფორმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, თორნიკე გორდაძე ამბობს:  „მოქალაქეთა უმეტეს ნაწილს სურს ევროკავშირთან დაახლოება და ევრობლოკში გაერთიანება. ასევე, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები საკმაოდ გამართულად მუშაობენ. ეს რამდენიმე მთავრობის დამსახურებაა, დიდ წილად კი მაინც  გარკვეული დროის წინ გატარებული რეფორმების დამსახურება… მაგრამ ერთადერთი კომპონენტი რაც აკლია ამ ყველაფერს, არის მთავრობის ნამდვილი სურვილი და ხელის არშეშლა…. ჩვენ თუ ერთმანეთის გვერდით დავაყენებთ რამდენიმე პოლიტიკურ მოვლენას, რაც ქვეყნის ბოლო ექვსი თვის ისტორიაში მოხდა, დავინახავთ სრულიად საპირისპიროს”.

ცალკე დისკუსია მიეძღვნა დღეს კიბერუსაფრთხოებას, საინფორმაციო ომსა და  დეზინფორმაციას. როგორც პანელური დისკუსიების მონაწილეებმა თქვეს,  რუსეთი 15 წლის წინ, საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომს საინფორმაციო სფეროში დღემდე აგრძელებს. მეტიც, კონფერენციაზე თქვეს,  რომ ამ მხრივ რუსეთისთვის საქართველო ერთგვარი საწვრთნელი პოლიგონია და აქ მიღებულ გამოცდილებას მოსკოვი შემდეგ სხვაგან იყენებს – მაგალითად, დღეს უკრაინაში.

ღონისძიების მასპინძელი ორგანიზაციის, EPRC-ის წარმომადგენელი, დიპლომატი გიგი გიგიაძე ამბობს: „ვერ ვიტყოდი,  რომ კიბერუსაფრთხოების მხრივ საქართველომ ბოლო წლებში წინ წაიწია. იყო რამდენიმე შემთხვევა უახლოეს წლებში, როცა საქართველოს სამთავრობო არხები თავდასხმის საგანი გახდა. ეს იყო 2019-2020 წლებში, როცა ფაქტობრივად მთლიანად იყო გათიშული შესაბამისი ვებგვერდები და როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დაადასტურეს, ეს იყო პირდაპირ რუსეთიდან მართული ოპერაციები. ამიტომ, მე ვერ ვიტყვი, რომ გვაქვს  ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცული სისტემა… ის ნამდვილად საჭიროებს გაუმჯობესებას, ვინაიდან  საქართველოს რუსეთი იყენებს როგორც საცდელ პოლიგონს. იმ ტექნოლოგიების გამოყენება, რაც აქ აქვს რუსეთს ნაცადი, შემდეგ ხდება სხვაგან, მათ შორის, უკრაინაში…“

ხელისუფლების წარმომადგენლები  ამ კონფერენციას არ დასწრებიან და შესაბამისად, არ წარმოუდგენიათ არგუმენტები იმ კრიტიკის საპასუხოდ, რაც დღეს მათი მისამართით ისმოდა. ღონისძიებაზე  იყო ოპოზიცია. ორგანიზატორთა ცნობით,  მათ ხელისუფლებაც დაპატიჟეს, თუმცა, არავინ მისულა. „ქართულ ოცნებაში“ დღეს, 5 სექტემბერს, ამ კონფერენციას რადიკალური პლატფორმა უწოდეს, რომლის მიზანიც  პარტიის წევრთა აზრით,  ხელისუფლებისთვის ზიანის მოტანაა.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend