სამხედრო დაჯგუფება ,,ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალება მას შემდეგ დადასტურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ, ის, იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელიც მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ჩამოვარდა. პრიგოჟინის თვითფრინავის ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ყველას დაღუპვა დადასტურდა.
ევგენი პრიგოჟინის მხარდამჭერების თქმით, ,,ვაგნერის“ ლიდერი რუსეთის მოღალატეების ქმედებების შედეგად დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა ვაგნერის მთავარი მეთაური, დმიტრი უტკინიც.
გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟონის კერძო თვითმფრინავთან კომუნიკაცია ტვერის ოლქის შერნევოს დასახლების მიდამოში დაიკარგა, მდინარე ვოლგის მახლობლად. თუმცა რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა ჯერჯერობით უცნობია.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ავიაკატასტროფის შესახებ ამბავი რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით გაავრცელა. დაღუპულთა შორის არის ეკიპაჟის სამი წევრი, მათ შორის პილოტი.
დაჯგუფება ,,ვაგნერის“ ხელმძღვანელი ბოლოს, ამ კვირის დასაწყისში გამოჩნდა, გავრცელებულ ვიდეოში პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ის აფრიკაში იმყოფებოდა. ივნისში მისი აჯანყების შემდეგ, ის საჯაროდ განცხადებებს იშვიათად აკეთებდა.
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი ფიქრობს, რომ რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის უკან ვლადიმერ პუტინი დგას, ამ აზრს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც იზიარებს.