მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანია დაიწყო. დაინიშნა პირველი სატელევიზიო დებატები რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის. დებატებისთვის საჭირო მოთხოვნებს პარტიიდან რვა კანდიდატი აკმაყოფილებს, შესაბამისად ისინი ამომრჩევლის წინაშე 23 აგვისტოს წარდგებიან.

დებატებში მონაწილეობას მიიღებენ, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, სენატორი სამხრეთ კაროლინადან ტიმ სკოტი, სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი, მეწარმე ვივეკ რამასვამი, ყოფილი ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრის კრისტი, ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორი დაგ ბურგამი და არკანზასის ყოფილი გუბერნატორი ასა ჰატჩინსონი.

დებატებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც წინასწარი მონაცემებით რესპუბლიკურ პარტიაში ერთპიროვნულად ლიდერობს.

ყოფილ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დიდი უპირატესობიდან გამომდინარე მას დებატებში მონაწილეობა არ სჭირდება. ტრამპის განცხადებით, ის დებატებში მონაწილეობაში ამ ეტაპზე სარგებელს ვერ ხედავს. სოციალურ მედიაზე მან ასევე ინფორმაცია გაავრცელა, რომ შეიძლება მომავალშიც არ მიიღოს დებატებში მონაწილეობა. ტრამპმა ასევე მინიშნება გააკეთა, რომ იმ შემთხვევაში თუ სხვა კანდიდატი გაიმარჯვებს, დიდი ალბათობით ყოფილი პრეზიდენტი მას მხარს ოფიციალურად არ დაუჭერს.

შედარებით დაბალ რეიტინგიანი კანდიდატებისთვის დებატები თავის წარმოსაჩენად შესანიშნავი შესაძლებლობაა. თუმცა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ტრამპის არყოფნა, დებატებზე დიდ გავლენას მოახდენს, რადგან კანდიდატებს მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვაზე თუ რატომ არ არის სცენაზე ყოფილი პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გასულ დღეებში ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გეგმავს ჯორჯიის შტატში ციხეში ხუთშაბათს ნებაყოფლობით გამოცხადდეს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მას 2020 წლის არჩევნებში ჩარევის საქმეზე წაუყენეს.

ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ დონალდ ტრამპს და მის 18 მოკავშირეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობისთვის ბრალი წაუყენა. დონალდ ტრამპს კი მიაჩნია, რომ ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული და მას წინასაარჩევნოდ ებრძვიან.

რესპუბლიკურ პარტიაში კი ჩანიშნულია დებატების მეორე რაუნდი, რომელიც 27 სექტემბერს კალიფორნიაში გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend