ოფიციალური კიევის ცნობით, მალე უკრაინის ცაში ამერიკულ ეფ-16-ები გამოჩნდებიან. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ახალი შეიარაღება ფრონტის ხაზზე აუცილებლად იქონიებს გავლენას. გაიზრდება უკრაინული საჰაერო იერიშები და შესაბამისად მნიშვნელოვნად გაიზრდება რუსული საოკუპაციო ძალების დანაკარგებიც.
საფრენი აპარატი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებისთვის დაპროექტდა, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შეიარაღებაშია. უკრაინისთვის ამ შეიარაღების პირველი მიმწოდებლებიც დასახელდნენ – დანია და ნიდერლანდები.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ქვეყნების ხელისუფლებას თანხმობა მისცა უკრაინისთვის რამდენიმე ათეული ეფ-16-ის გადაცემაზე. ფრონტის ხაზზე კი ეს ახალ რეალობას შექმნის. ეფ-16 სამხედრო მიმომხილველების განცხადებით ერთ-ერთი კარგად გამოცდილი შეიარაღებაა მსოფლიოში.
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში ამ საბრძოლო თვითმფრინავის რამდენიმე მოდიფიკაცია არსებობს. მთავარი ღირსება კი ისაა, რომ მას შეუძლია როგოც საჰაერო სამიზნეებზე მუშაობა, ასევე სახმელეთო ოპერაციების ჩატარება.
გარდა ამისა, როგორც სამხედრო მიმომხილველები საუბრობენ, ეფ-16-ების შეიარაღება მრავალფეროვანია და მისი უკრაინისთვის მიწოდება ამერიკის შეერთებულ შტატებს უფრო მარტივად შეუძლია. მას შეუძლია ატაროს მძიმე ჰაერი-ხმელეთი კლასის მართვადი ბომბები, ასევე მართვადი რაკეტები, როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო სამიზნეებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ჩამოგდებაც შეუძლებელია, ცხადია რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას უფრო დიდი თავისტკივილი გაუჩნდება. უკრაინის ფრონტზე, დამატებითი შეიარაღება სამხედრო ექსპერტთა აზრით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ უთხოვია დასავლელი პარტნიორებისთვის ისეთი შეიარაღება, რომელიც ფრონტზე უკრაინელ სამხედროებს სჭირდებათ. არსებულ ავიაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებენ, მაგალითად გასულ დღეს, 9 იერიში მიიტანეს რუსულ პოზიციებზე.
ახალი საფრენი აპარატების გამოჩენა კი მინიმუმ გააორმაგებს უკრაინული საჰაერო იერიშების რაოდენობას.