მთავარიევროპაუკრაინარუსული მანევრი

რუსული მანევრი

უკრაინა ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე აქტიურ კონტრშეტევით ოპერაციას აწარმოებს.
რუსი ოკუპანტები კი ცდილობენ, უკრაინელებს შეიარაღებული ძალები ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გადააყვანინონ.

გასულ დღეს კრემლმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით ფრთოსანი რაკეტებითაც მიიტანა იერიში.
ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი სამხედროები ერთმანეთს ცეცხლს უხსნიან. 

გასულ დღეს რუსეთმა მორიგი სარაკეტო და საავიაციო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქებზე. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ოკუპანტებმა სტრატეგიული ავიაციისა და საზღვაო ხომალდების მეშვეობით 28 ფრთოსანი რაკეტა ისროლეს.
გარდა ამისა, რუსებმა დნიპროპეტროვსკისა და ზაპარიჟიის მიმართულებით „ეს-300“ ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსებითაც მიიტანეს იერიში.
ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 16 ფრთოსანი რაკეტის განეიტრალება მოახერხეს.
კონტრიერიშს კი უკრაინა ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე აწარმოებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერის ანდრიი კოვალოვის თქმით, სამხრეთ ფლანგზე დასახლება უროჟაინეს მიმართულებით უკრაინამ წარმატებას მიაღწია.

თავად რუსმა ოკუპანტებმა შეტევითი ოპერაციები გააქტიურეს ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილზე. სივერსკისა და სლობოჟანის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ნაღმმტყორცნებით და სხვა საარტილერიო საშუალებებით 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბა. საავიაციო იერიში მიიტანეს ლიმანის მიმართულებითაც, სადაც 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიბომბა.

ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მანევრით რუსეთი ცდილობს, აიძულოს უკრაინა, ძალები აღმოსავლეთის მიმართულებით გადაიყვანოს და ამით სამხრეთ ფრონტზე კონტრშეტევა შეასუსტოს.
უკრაინული არმიის კონტრშეტევის ფონზე კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ რუსულ შეიარაღებულ ძალებში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი ინციდენტის დროს ოკუპანტებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ამ დაპირისპირების დროს კონფლიქტში მონაწილე ორივე მხრიდან 20-ზე მეტი ოკუპანტი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაიჭრა, აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
ოფიციალური მონაცემებით, გასულ დღეს უკრაინის საჰაერო ძალებმა 11 იერიში მიიტანეს რუსი ოკუპანტების პოზიციებზე. ასევე განადგურებულია ერთი დამრტყმელი ვერტმფრენი – კა-52, საზენიტო სარაკეტო კომპლექსები და რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend