იუნესკოს ხელმძღვანელმა უკრაინაში კიარა დეცი ბარდესკიმ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ქალაქ ოდესის ცენტრში განხორციელებული თავდასხმების შედეგად ზოგიერთ შენობას იმაზე მეტი ზიანი მიადგა, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. მან ამის შესახებ კიევში იუნესკოს მისიის წინასწარი დასკვნების წარდგენისას ისაუბრა. მოკვლევა 29 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. ბოლო ინფორმაციით, იუნესკოს მისიის წარმომადგენლებმა 50-ზე მეტი დაზიანებული შენობა მოინახულეს.
იუნესკოს მისიის დეტალური და საბოლოო ანგარიში დეკემბერში გამოქვეყნდება. ორგანიზაციაში მთელი უკრაინის მასშტაბით 274 კულტურული ობიექტის დაზიანებას ადასტურებენ. ამავდროულად, იუნესკო მოითხოვს გადაუდებელ დაფინანსებას, რათა გაძლიერდეს ქალაქის იმ ისტორიული ცენტრის დაცვა, რომელიც ახლა თავდასხმების გამო მუდმივი საფრთხის წინაშეა.