მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ქალაქ სუმიზე მიტანილ სარაკეტო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ სუმიზე მიტანილ სარაკეტო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსების მიერ ნასროლი რაკეტა პროფესიული კოლეჯის ოთხსართულიან შენობას მოხვდა. რუსული მხარე შაბათს ღამით მოსკოვზე დრონით მიტანილ იერიშს კიევის რეჟიმის მიერ ტერორისტული თავდასხმის მცდელობად აფასებს. უკრაინულ მხარეს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს ღამით მოსკოვზე დრონით განხორციელებული იერიში კიევის რეჟიმის მიერ ტერორისტული თავდასხმის მცდელობად შეაფასა. გაწმენდითი სამუშაოები სწრაფადვე დაიწყო. რუსები აცხადებენ, რომ მათ გაანეიტრალეს 3 დრონი. ეს მიმდინარე თვეს უკვე  მეოთხე, ერთი კვირის განმავლობაში კი მესამე თავდასხმაა.

უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე მიტანილ იერიშებზე პასუხისმგებლობას არ იღებს. თუმცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის ბოლო მიმართვაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ   რუსეთის აგრესია ბრძოლის ველზე მალე დასრულდება. დღეს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის 522-ე დღეა.  რუსეთის მთავრობა დარწმუნებული იყო, რომ ოპერაცია მხოლოდ  ერთი ან ორი კვირა გაგრძელდებოდა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ  ამ ბრძოლაში უკრაინა უფრო ძლიერდება, ომი ახლა რუსეთის ტერიტორიაზე, მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე იწყება. მისი შეფასებით, ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და სამართლიანი პროცესია.

რუსეთის იერიშების ამსახველ კადრებში ჩანს, თუ როგორი სერიოზული ზიანი მიაყენეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ სუმის. მათ მიერ ნასროლი რაკეტა პროფესიული კოლეჯის ოთხსართულიან შენობას მოხვდა.   დაიღუპა ორი ადამიანი, 20 კი დაიჭრა. უკრაინის პრეზიდენტმა მთავრობის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ შემოდგომაზე, როდესაც აგრილდება,  რუსეთი, სავარაუდოდ,  განაახლებს იერიშს უკრაინის ენერგოსისტემაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend