ტექსტილის წარმოება ერთ-ერთი ისეთი ინდუსტრიაა, რომლებიც ყველაზე მეტად აბინძურებენ გარემოს მსოფლიოს მასშტაბით. ტექსტილის ნაწარმს უხვადა ნახავთ მოდურ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში: იაფი ტანსაცმელი და სწრაფად ცვალებადი მოდა მისი წარმატების საწინდარია. ტექსტილის წარმოებამ მთელი მსოფლიო მოიცვა…ისევე, როგორც მისმა ტოქსიკურმა გამონაბოლქვმა.
ჩვენ სულ უფრო მეტ ტანსაცმელს ვყიდულობთ, თუმცა ნახევრადაც არ ვცვეთთ. ხშირად მათი ბოლო ნაგავსაყრელია – თანაც ევროპისა და თვალისგან შორის.
საკითხავია, რამდენად შეიძლება მისი ეკოლოგიურად გარდასახვა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად „ევრონიუსის“ გადამღები ჯგუფი იტალიასა და ლიეტუვაში ჩავიდა
იტალიური ქალაქი პრატო ტოსკანაში, ფლორენციიდან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ეს ქალაქი ევროპის ტექსტილის ინდუსტრიის ცენტრი იყო შუა საუკუნეებში.“
ახლა პრატოშია ევროპაში ყველაზე დიდი ტექსტილის უბანი, რომელიც, ამავდროულად, ცირკულარული ეკონომიკის ჰაბიც არის. მსოფლიოში მეორეული გადამუშავების ტექსტილის მოცულობის 15 პროცენტი აქ იწარმოება.
კომპანია Comistra შალის გადამუშავების ლიდერია. ეს საუკუნოვანი კომპანია ახალ სიცოცხლეს ანიჭებს ტონობით ძონძს, რომელიც მის საწყობში ყოველდღე ჩამოაქვთ.
ალისე ტესი, COMISTRA-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
“ახალი ქსოვილის 60 პროცენტის ხელმეორედ დამუშავებას ექვემდებარება. დაახლოებით 35 პროცენტი გადამუშავდება, 5 პროცენტი კი გადაიყრება ან ე.წ. თერმულ ვალორიზაციას გაივლის. ტანსაცმელი ამ ჩანთებით ჩამოაქვთ და ხელით ახარისხებენ. ასე ვარჩევთ, რისი ხელახლა გამოყენება შეიძლება და რა უნდა გადამუშავდეს.“
ფერის მიხედვით გადარჩეული შალი ბოჭკოებად იშლება და მათი რეგენერაცია ხდება ამ დანადგარებით.
“დახლეჩილი ბოჭკო საწყის მასალად გარდაიქმნება. გამოყენებულ წყალსაც ხელახლა ვამუშავებთ“, – განმარტავს ალისე ტესი.
ეს შალის ბოჭკო, რომელსაც გარემოზე ნაკლები გავლენა აქვს, სხვა ბოჭკოებს შეერევა, რათა აწარმოონ ძაფი და ქსოვილი, რომლითაც პალტოებს ან პოდიუმზე გასატან ტანსაცმლად დაამზადებენ.
ცირკულარული ეკონომიკა ევროკავშირის მდგრადი ტექსტილის სტრატეგიის ცენტრალური ნაწილია, რომლის მიზანიც ის არის, რომ გადამუშავებული ბოჭკოს გამოყენება დანერგოს და ეკოდიზაინი წაახალისოს. ეს ამ კომპანიის ხელმძღვანელისთვის მთავარი ფასეულობაა.
ფაბრიციო ტესი, COMISTRA-ის ხელმძღვანელი:
“როდესაც ტანსაცმლის დიზაინს ვქმნით, მაშინვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ, როდესაც გაცვდება, მარტივად გადაკეთდეს ან გადამუშავდეს. ამას ვუწოდებთ ცირკულარული ეკონომიკის ჯადოსნურ წრეს. ამ მხრივ ახლა დიდი შესაძლებლობებია. ჩვენ ევროპის მწვანე შეთანხმების მიხედვით ვმოქმედებთ. გადამუშავების სექტორისთვის დანადგარების მიწოდებამ შესაძლებელია უამრავი ადამიანი დაასაქმოს.“
თუმცა ხალხს სჭირდება ნამდვილად მდგრადი ტანსაცმლის შეძენა. კომპანია ე.წ. მწვანე კამუფლაჟით რომ არ შეინიღბოს, ევროკავშირში განიხილავენ QR კოდის პასპორტის შემოღებას, რომელშიც ჩაიწერება ინფორმაცია ქსოვილის გადამუშავებასა და გარემოზე გავლენასთან დაკავშირებით.
ნიკოლო ჩიპრიანის სჯერა, რომ ტანსაცმლის ყიდვის დროს ყურადღება ფასს კი არ უნდა მიექცეს, არამედ მისი შექმნის წინაპირობებს. ნიკოლომ დააფუძნა ახალი კომპანია RIFÒ, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ ბოჭკოებს, როგორებიცაა ბამბა და შალი, ასევე ერთი ქსოვილისაგან შექმნილ, გადამუშავებულ ან გადამუშავებას დაქვემდებარებულ დიზაინებს.
ნიკოლო ჩიპრიანი, RIFÒ-ის დამფუძნებელი:
“დღეს ბაზარზე არსებულ ქსოვილებს დაბალ ფასად ყიდულობენ და ისინი გადამუშავებას არ ექვემდებარება – ეს კი პრობლემაა, რადგან პროდუქტი რომ მომგებიანი იყოს, ამის საუკეთესო გზა ის არის, რომ ბუნებრივი და სინთეტიკური ბოჭკო შეერიოს. ზოგიერთი ტექნოლოგია ბოჭკოს გამოცალკევების საშუალებას იძლევა, მაგრამ არა ინდუსტრიულ დონეზე. რაღაც დონეზე შემოვიღებთ გადამუშავების კრიტერიუმს. და მერე შევძლებთ ვთქვათ: ვინც გადამუშავებად ტანსაცმელს ამზადებს, ისინი გადასახადის სხვა განაკვეთით დაიბეგრონ და ვინც არა – სხვა გადასახადით.“
ევროპის ნარჩენების მართვის ჩარჩო-დირექტივას უნდა გადახედონ. არსებობს მოლოდინი, რომ ინდუსტრიული დამბინძურებლები ქსოვილის შერჩევით მიღებულ კოლექციებში ფულს გადაიხდიან. პრატოში ახალი ქსოვილის დამხარისხებელი ჰაბი მომავალ წელს აშენდება. მისი მიზანია შეგროვებული ქსოვილის რაოდენობის გაორმაგება და გადამამუშავებელი სექტორის მოდერნიზება.
ამ რეპორტაჟის გადაღების დროს ბევრმა ადამიანმა ერთი პასუხი გასცა „ევრონიუსს“, რომ მათი პრიორიტეტია ნაკლები ახალი ტანსაცმლის ყიდვა. არის თუ არა ეს შესაძლებელი? ამის გასარკვევად ლიეტუვაში ჩავედით.
ამბობენ, რომ ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის მილანისა და პარიზის მსგავსია. ჩვენ შევხვდით მოდის ჟურნალისტს დეიმანტე ბულბენკაიტეს, რომელმაც რამდენიმე რჩევას მოგვცა, თუ როგორ შევარჩიოთ ეკომეგობრული საყიდლები.
დეიმანტე ბულბენკაიტე, მოდის ჟურნალისტი:
“ერთი მხრივ, სწრაფად ცვალებადი მოდა უამრავ ადამიანს აძლევს ჩაცმის საშუალებას. ეს ერთი მხრივ, გასაგებია. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ სექტორის მიერ წარმოებული ტანსაცმლის რაოდენობა, ჩემი აზრით, კატასტროფულად ბევრია, რადგან ბევრად მეტს აწარმოებენ, ვიდრე შეგვიძლია მოვიხმაროთ.“
იაფი და ხარისხიანი ალტერნატივა მეორეული ტანსაცმელია. მეორეული ტანსაცმლის იაფფასიან მაღაზიაში ყველაფერი 4 ევრო ღირს. თანაც საკმაოდ კარგ ქსოვილებსაც იპოვით.
“არავის სჭირდება ყოველთვის ახალი ნივთი. ჩვენს პლანეტაზე არსებული ტანსაცმლის რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე პლანეტის თითოეულ მოსახლეს სჭირდება. რამდენია ახლა პლანეტის მოსახლეობა? 8 მილიარდი? რაც გვაქვს, ის ტანსაცმელი უკვე სავსებით საკმარისია,“ – ამბობს დეიმანტე.
დეიმანტე საყიდლებისთვის უპირატესობას Vinted-ს ანიჭებს. ეს ცნობილი აპლიკაცია, რომელზეც მეორეული ტანსაცმელი იყიდება, ვილნიუსში 15 წლის წინ შეიქმნა და ახლა 50 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
“აი, ეს არის ტანსაცმელი, რომელიც მომწონს და ვყიდულობ. ზოგჯერ შეგიძლია უბრალოდ გაუცვალო ვინმეს ტანსაცმელი ფულის გარეშე,“ – განმარტავს დეიმანტე.
Vinted-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ქსოვილის ჭარბ წარმოებას ზღუდავს. ამ კომპანიამ თავის გუნდთან ფართო კონსულტაცია ჩაატარა რამდენიმე თვის წინ.
ადამ ჯეი, კომპანია VINTED MARKETPLACE-ის ხელმძღვანელი:
“იმ ასობით მილიონი ტრანზაქციიდან, რომლებიც VINTED-ის პლატფორმაზე ხორციელდება, 40 პროცენტს მეორეული პროდუქტის შესყიდვა შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ახალი პროდუქციის წარმოება საჭირო აღარ არის. მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ტანსაცმლის ტრანზაქციების მხოლოდ 14 პროცენტი მოდის მეორეულ პროდუქტზე. ასე რომ, ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, სანამ მეორეული ტანსაცმლის ყიდვა ნორმად იქცევა.“
ჩვენი ტური რომ შესაბამისად დაგვესრულებინა, დეიმანტემ სპეციალურ საღამოზე დაგვპატიჟა. ლიეტუვურმა ბრენდმა, რომელიც აქცენტს გადამუშავებულ ქსოვილებზე აკეთებს, ამ საღამოზე წარმოადგინა თავისი კოლექცია, სახელწოდებით „ფარდის უკან“ (BEHIND CURTAINS). კოლექცია, რომელიც ორმა პანკმა დიზაინერმა წარმოადგინა, ჩვენს ჟურნალისტებს ძალიან მოეწონათ. დიზაინერს საკუთარი კოლექციის კაბა ეცვა.
მონიკა ვაისოვა, კოლექცია BEHIND CURTAINS-ის დიზაინერი:
“გადავწყვიტეთ, რომ პიჯაკი და სპორტული ჟაკეტი ერთდროულად გამოგვეყენებინა. შეგიძლია ჯერ ოფისში წახვიდე და საღამოს კი წვეულებაზე.“
„მასაზე გათვლილი მოდა ძალიან დიდია და სულ უფრო იზრდება, არადა, არ გვჭირდება ეს. შეგვიძლია გადაკეთებული ტანსაცმელი გამოვიყენოთ.“
დეიმანტე ფიქრობს, რომ ეს დიზაინერები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, რადგან მათი მთავარი გზავნილია: „გარდავქმნათ მოდა სწრაფი მოხმარების მოდად, იყიდე ისეთი ნივთი, რომლის გადაკეთებაც შეიძლება.“
ავტორი: სირილ ფურნერისი