მთავარიაზიაინდოეთიინდოეთში შესაძლოა ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდეს

ინდოეთში შესაძლოა ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდეს

ამ საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში მიმდინარე კვირაში არის დაგეგმილი

ინდოეთი შესაძლოა, აზიაში მეორე ქვეყანა გახდეს, სადაც ერთნაირსქესიან წყვილებს, დაქორწინების უფლება ექნებათ. ამ საკითხის განხილვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები რამდენიმე დღეში დაიწყებენ.

მოსამართლეთა გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელიან ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რომლებმაც ინდოეთის ქალაქ პუნაში, მსვლელობა მოაწყვეს. მათი მთავარი სათქმელი არის ის, რომ საზოგადოებამ ლგბტქ+ თემი მიიღოს.

“ჰომოფობია კვლავ ძალიან გავრცელებულია. დისკრიმინაცია ოჯახებიდან და საზოგადოებიდან მოდის.“

„თავს ადამიანად ვერ ვგრძნობ. ვერც საზოგადოების ნაწილად“ – ამბობენ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

„მე 38 წლის ვარ და ადრე, როცა მამას გამოვუტყდი, რომ ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი ვარ მან ექიმთან და მღვდელთან გამგზავნა. ჩვენს უკან ახალგაზრდები მოდიან. მათთვის მაინც უნდა შეიცვალოს ეს დამოკიდებულება”, – სონია სინგალი, ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი ინდოეთიდან.

ინდოეთში ლგბტქ+ წყვილების დიდი ნაწილი, ისინი ვისაც დაქორწინება სურთ, ქორწინების არაოფიციალურ ცერემონიას მართავენ, თუმცა ასეთ დროს მათი ქორწინება რეგისტრირებული არ არის, რაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის მათ.

„ჩვენ დაქორწინებულები ვართ, თუმცა ეს ქორწინება ოფიციალური არ არის. ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვართ დაქორწინებული წყვილების თანასწორნი. ამ ქვეყანაში არიან ლგბტქ+ ადამიანები, რომლებსაც ოჯახის ზეწოლის გამო ეშინიათ რომ მოკლავენ. ამ ადამიანებზე უნდა ვიფიქროთ. თუ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონებული იქნება, ისინი სამართლებრივად დაცულები იქნებიან”, – აბჰაი დანგე, ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი ინდოეთიდან.

ინდეოთში, საზოგადოების ნაწილი, ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება ერთნაირსქესიანთა წყვილების დაქორწინებას. ამ მოსაზრების დამადასტურებელ არგუმენტებად რელიგიასა და ტრადიციებს ასახელებენ.

„ვფიქრობ ინდოეთი არ არის შესაფერისი ერთნაირსქესიანთა ქორწინებისთვის. არის უამრავი სოციალური და იურიდიული პრობლემა”, – ამბობს სურენდრა ჯაინი, ერთ-ერთი გავლენიანი ინდუსტრიული ნაციონალისტური ჯგუფის გენერალური მდივანი.

ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან და სჯერათ, რომ სიყვარული გაიმარჯვებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend