მთავარისაქართველოერთი დღე "ჯარის ბანაკში"

ერთი დღე “ჯარის ბანაკში”

საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები „ჯარის ბანაკში“ უკვე მესამე დღეა თანატოლებთან ერთად სამხედრო საქმეს ეცნობიან. სწორედ ასე ჰქვია კოჯორში განლაგებულ ამ ბანაკს, სადაც ყველა ერთმა ინტერესმა მოიყვანა – ესაა სამხედრო საქმისადმი ინტერესი. თავდაცვის სამინისტროს სურს, რომ ახალგაზრდებს შორის პატრიოტული სულისკვეთება აამაღლოს, ესაუბროს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ქართული ჯარის შესახებ.

კოჯორში მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ.ბავშვები საქართველოს ეროვნული გმირების „ზაზა დამენიას“, „გიორგი ანწუხელიძის“ და „ალექსანდრე ონიანის“ სახელობის ოცეულებად იყოფიან.
„ჯარის ბანაკში“ ახალგაზრდები პირველად შეეხნენ ნამდვილ ცეცხლსასროლ იარაღს. ისინი იმ სკოლების მოსწავლეები არიან, სადაც წელს საპილოტე პროგრამით ისწავლებოდა საგნები – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ და „სამხედრო საქმე”. როგორც თავად ამბობენ, გოგონები ბიჭებს არაფერში ჩამორჩებიან. ახალგაზრდებს მითითებებს გამოცდილი სამხედრო ინსტრუქტორები აძლევენ და ყველა სირთულის დაძლევაში ეხმარებიან.

„ჯარის ბანაკი“ ერთკვირიანია და წელს რვა ნაკადი უნდა ჩავიდეს. თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებისთვის აქტიური, შემეცნებითი, და სიახლეებით დატვირთული პროგრამა შეიმუშავეს. ესენია – საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია, პირველადი სამედიცინო დახმარება, დაშავებულის ევაკუაცია, საინჟინრო და სამთო მომზადება. სკოლის მოსწავლეები ამ დავალებების შესრულებაში ერთმანეთს გუნდურად ეჯიბრებიან.

სკოლის მოსწავლეებს დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა ყველაზე მეტად მოსწონთ. მათი უსაფრთხოება დაცულია, რა სირთულის ს დავალებებიც არ უნდა მოუწიოთ. „ჯარის ბანაკში“ ბავშვები ერთი კვირით დარჩებიან. ბოლო დღეს კი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გაატარებენ. ამ ზაფხულს, 800-მდე მოსწავლე კიდევ უფრო ახლოს გაეცნობა სამხედრო საქმეს და ქართველი ჯარისკაცების ყოფას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend