მთავარიგადაცემებინამდვილი ეკონომიკაევროპის ფისკალური რეგულაციები უნდა გადაიხედოს

ევროპის ფისკალური რეგულაციები უნდა გადაიხედოს

ევროკომისია  იმ ფისკალური რეგულაციების რეფორმის წინადადებით გამოდის, რომლებიც  პანდემიის დროს შეჩერდა, მაგრამ ახლა ისევ უნდა ამოქმედდეს.

ევროკავშირის სამთავრობო ვალის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში პიკურ მაჩვენებელს – 90 პროცენტს 2020 წელს, პანდემიის დროს, მიაღწია.  ეს მაჩვენებელი 2021 წელს  მშპ-ს 88, ხოლო 2022 წელს –  84 პროცენტამდე შემცირდა, რაც ბევრად აღემატება ევროკომისიის მიერ დაწესებულ ზღვარს.

მაინც რას ნიშნავს ევროკომისიის წინადადება და რა ძირითადი ცვლილებებია მოსალოდნელი? მოდით, გადავხედოთ სტატისტიკას.

ევროპა აპირებს, თავიდან დაწეროს სამთავრობო ხარჯებისა და გადასახადების მარეგულირებელი წესები.  ბრიუსელში სურთ, რომ ვალის ზღვრები უფრო მდგრადი გახდეს.

ბოლო წლებში მრავალმა ქვეყანამ  დიდი რაოდენობით საჯარო ფინანსები დახარჯა პანდემიის, რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომისა და ენერგოკრიზისის მიერ მიყენებული დარტყმის შესარბილებლად მიმართულ ღონისძიებებზე.

ახლა დროა, რომ საჯარო ფინანსები ისევ ძველ წესრიგს დაუბრუნდეს.  ევროკავშირის შეთანხმებების მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი  მშპ-ის 3 პროცენტზე, ხოლო სამთავრობო ვალი მშპ-ის  60 პროცენტზე ნაკლები უნდა იყოს.

ახალი ფისკალური წესები

ევროკომისიის ინიციატივის მიზანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს მისეცს მეტი კონტროლის ნება, თუ როგორ მიაღწევენ დასახულ მაჩვენებლებს, თუმცა მათ საკუთარი ბიუჯეტი ისე უნდა დაგეგმონ, რომ  ბიუჯეტის დეფიციტი ყოველ წელს სულ მცირე მშპ-ს 0.5 პროცენტით შემცირდეს, სანამ 3 პროცენტზე არ ჩამოვა.

2023 წელს 3-პროცენტიან ლიმიტს, სავარაუდოდ, 14 ქვეყანა ვერ მიაღწევს, მათ შორისაა: იტალია, საფრანგეთი, რუმინეთი, ესპანეთი და მალტა.

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეფორმების მიზანია, უზრუნველყოს საჯარო ფინანსების სტაბილურობა და ინვესტიციების წახალისება მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით.

აქედან გამომდინარე, რეფორმის მიზანია სამთავრობო ვალის თანდათან შემცირება მომავალ 4 ან 7 წელიწადში იმ ქვეყნებში, სადაც ვალის მოცულობა ზღვარს აჭარბებს, ოღონდ ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით. მეორე მხრივ, რეგულაციების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შემცირებულ ჯარიმებს აამოქმედებენ.

„არარეალისტური მოცულობისა და მეტისმეტი სირთულის გამო იმ შედეგამდე მივედით, რომ ეს წესები სინამდვილეში აღარ სრულდებოდა,“ – ამბობს  ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯეტილონი. „ ევროკავშირისთვის კი მიუღებელია ისეთი ფისკალური რეგულაციების ქონა,  რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე რჩება.“

ჯენტილონი განმარტავს თუ რატომ არის ევროკომისიის ახალი მიდგომა საუკეთესო გამოსავალი:

„თითოეული წევრი სახელმწიფო თავად აირჩევს, თუ როგორი იქნება მისი ფისკალურ გზა მომავალი ოთხი ან შვიდი წლის განმავლობაში. და რადგან გადაწყვეტილება თავად მიიღე, თუ მას ძალიან გადაუხვევ, ევროკომისიას უფლება აქვს, აღასრულოს ეს გადაწყვეტილებები და თან აღსრულების მექანიზმის ამოქმედება მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული.

უფრო თანმიმდევრულ მიდგომას თუ მივმართავთ,  ვფიქრობ, რომ შევძლებთ მივაღწიოთ იმას, რაც, სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო არსებული რეგულაციების პირობებში. ხვალვე ვერ მივაღწევთ ცნობილ 60-პროცენტიან ზღვარს. ჩემი აზრით, ეს ღიად უნდა ვთქვათ. მაგრამ თუ ტრაექტორია შეიცვლება და მაღლიდან დაბლა დაეშვება, ეს მნიშვნელოვანი იქნება ბაზრებისა და ჩვენი კავშირისთვის. თუმცა, ამავდროულად, უნდა წავახალისოთ ზრდაც, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი სისტემა, რომელიც ეფუძნება კეთილდღეობას. ამავდროულად, ძალიან დიდი ინვესტიციები უნდა ჩავდოთ, რაც აუცილებელია, თუ მართლა ვაპირებთ მწვანე და ციფრულ პლატფორმაზე გადასვლას.  ამ ინვესტიციებისთვის საყოველთაო მხარდაჭერა გვჭირდება. ეს კი გაკვეთილი იქნება ევროკავშირის მომავალი თაობისთვის.

 

ინვესტიცია ციფრულ პლატფორმაზე

ასეთი საჯარო ინვესტიციების მაგალითი შესაძლებელია, იპოვო იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში, სადაც ზეკომპიუტერ Leonardo-ს სიმძლავრეს მალე გასაქანი მიეცემა.

„Leonardo წამში 250 მილიარდ ოპერაციას ასრულებს. ამჟამად ეს რიგით მეოთხე ყველაზე მძლავრი დანადგარია მსოფლიოში,“ – ამბობს ფრანჩესკო უბერტინი, კომპანია Cineca-ის პრეზიდენტი.

Leonardo კონსორციუმ CINECA-ში  240 მილიონი ევროს დაფინანსებით შეიქმნა, რომელიც ერთად გაიღეს იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევის სამინისტრომ და ევროპის საჯარო და კერძო ინიციატივამ EuroHPC.  მალე ამ კომპიუტერის გამოყენება შესაძლებელი იქნება კვლევით და ინოვაციურ პროექტებში.

„Leonardo -ს“ გამოყენება შესაძლებელი იქნება ფართო პროფილით, მათ შორის ამინდის პროგნოზის, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის,  ახალი მედიკამენტებისა და ზოგადად ახალი ციფრული პროდუქციის განვითარების დაჩქარების მიზნით,“ – განმარტავს ფრანჩესკო.

მართალია, იტალიის სამთავრობო ვალი უკვე ორჯერ აღემატება საბიუჯეტო კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, მაგრამ ეს ინვესტიცია მიზნად ისახავს იტალიისა და ევროპის კვლევისა და მრეწველობის სფეროების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

„წევრი სახელმწიფოების თანადაფინანსების ლოგიკამ უკვე გამოიღო ნაყოფი, რადგან ამჟამად მსოფლიოში ოთხ ყველაზე მძლავრ კომპიუტერს შორის ორი ევროპულია. ეს სრულიად ახალი სიტყვაა გლობალურ დონეზე,“ -ამბობს ფრანჩესკო.

ნეაპოლში მდებარე ფარმაცევტული კომპანია  Dompé, რომელმაც პირველმა დადო ხელშეკრულება LEONARDO-სთან, იმედოვნებს, რომ მოლეკულების ფართო სპექტრის ანალიზის წყალობით მედიკამენტების იდენტიფიცირების სრულ პოტენციალს აამოქმედებს.

ანდრეა ბეკარი,  Dompé farmaceutici-ის ხელმძღვანელი:

„საუბარია სულ რამდენიმე საათში ტრილიონობით მოლეკულაზე, რაც გალაქტიკაში  ვარსკვლავების რაოდენობის ეკვივალენტია. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ მოლეკულის ძებნას, რომელიც სრულყოფილად რეაგირებს იმ სამიზნეზე, რომელიც  შემდეგ პათოლოგიის განვითარებას იწვევს.“

ზეკომპიუტერი არის გარანტია იმისა, რომ შეძლოს მედიკამენტის ვირტუალურ პაციენტზე ზემოქმედების სიმულაცია და თან წინასწარ განსაზღვროს ყველაზე დიდი რისკის მქონე პათოლოგიები იმ მილიონობით გენომის ანალიზის საფუძველზე, რომლებიც მილიარდობით მონაცემებს შეიცავს.

„ ახალი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ პროგრესული კვლევა ყველაზე მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ,“ – ამბობს ანდრეა. „ამიტომ ზეკომპიუტერების გამოყენება საშუალებას გვაძლევს, საერთაშორისო დონეზე ვიყოთ კონკურენტუნარიანი, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ზომის კომპანია ვართ.“

LEONARDO-ს მსგავს სახელმწიფო ინვესტიციას არსებით მნიშვნელობას ანიჭებენ ევროპის კონკურენტუნარიანობისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

გამჭვირვალება და თანასწორობა

ბრიუსელში ეკონომისტი ჯერომინ ზეტელმეიერი მიუთითებს, რომ ვალის შემცირების პროცესში გამჭვირვალობისა და თანაბარი მიდგომის მოთხოვნამ ხელი არ უნდა შეუშალოს თითოეული ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.

ჯერომინ ზეტელმეიერი, ეკონომისტი, ბრიუსელის ბრეიგელის ანალიტიკური ცენტრის  დირექტორი:

„ამ რეფორმის მთავარი იდეა ის არის, რომ თითოეული ქვეყნის  მდგომარეობას გადახედოს. პრობლემა ის არის, რომ ვინც ამ მდგომარეობის შეფასებას დაიწყებს, მას ძალიან დიდი ძალაუფლება ექნება, რომლის ბოროტად გამოყენებაც შესაძლებელია. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო შიშობს, რომ ევროკომისიამ თუ ევროკომისიაზე პოლიტიკური გავლენის მქონე სხვა უწყებამ, შესაძლოა, ბოროტად გამოიყენოს ეს ძალაუფლება.

ევროკომისიის ახალი ინიციატივა ითვალისწინებს ე.წ. უსაფრთხოების დაცვასა, რომლის მიხედვითაც, რაც არ უნდა მოხდეს, ოთხი წლის ბოლოს ვალი უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე თავიდან იყო. ეს კი გამორიცხავს გარდამავალ ეტაპზე ინვესტიციებს. ამ საკითხზე ხელახალი მოლაპარკებაა საჭირო. ამ საკითხის გარდა, ევროკომისიის წინადადების დანარჩენი ნაწილი მწყობრია.“

ნებისმიერ შემთხვევაში ეს რეფორმა ევროპარლამენტმა და წევრი სახელმწიფოების საბჭომ უნდა განიხილონ, რათა თითოეულმა ქვეყანამ 2024 წლის გეგმა შეიმუშაოს.

ავტორი: ფანი გორე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend