მთავარიმსოფლიოკარლოვი-ვარის კინოფესტივალზე ბროლის გლობუსი ბულგარულ-გერმანულმა ფილმმა მიიღო

კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე ბროლის გლობუსი ბულგარულ-გერმანულმა ფილმმა მიიღო

კარლოვი-ვარის 57-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე, ამერიკელმა მსახიობმა რობინ რაიტმა მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის პრეზიდენტის ჯილდო მიიღო.

„მსურს, მადლობა გადავუხადო კარლოვი-ვარის კინოფესტივალს ამ პატივისთვის. მადლობას ვუხდი ასევე ყველას, მათ შორის ფესტივალზე მომუშავე წარმოუდგენლად ძლიერ გუნდს. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალი, რომელზეც ოდესმე ვყოფილვარ”, – ამბობს რობინ რაიტი.

ბროლის გლობუსის ჯილდო მიიღო ბულგარულ-გერმანულმა ფილმმა “ბლაგას გაკვეთილები”. ფილმის მსახიობმა ელი სკორჩევამ კი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმში 70 წლის ყოფილ მასწავლებელ ბლაგას იმ ფულს წაართმევენ, რომელსაც ის ქმრის საფლავის გასაკეთებლად აგროვებდა. სასოწარკვეთილი ბლაგა მორალურ პრინციპებს ივიწყებს და პრობლემებს თავისებურად უმკლავდება. რეჟისორი სტეფან კომანდარევი ფილმით პოსტკომუნისტური ქვეყნის – ბულგარეთის მძიმე სოციალურ მდგომარეობას წარმოაჩენს.

„ამ ფილმზე მუშაობა ხუთი წლის წინ დავიწყეთ. ძალიან რთული გზა გამოვიარეთ. ბოლოს კი კარლოვი-ვარის მსოფლიო პრემიერითა და ორი ჯილდოთი დავასრულეთ. ჩვენი ფილმი საუკეთესო ფილმად დასახელდა, ასევე მივიღეთ ჯილდო მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის. ამ ყველაფრით ძალიან ბედნიერი ვარ”, – ამბობს რეჟისორი სტეფან კომანდარევი.

ირანულ-გერმანულმა ფილმმა „ცარიელი ბადეები“, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წევრების სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, ჟიურის სპეციალური ჯილდო მოიპოვა.

„ვამაყობ, რომ ამ ფილმის ირანში გადაღება მოვახერხეთ. მე შევძელი, მსოფლიოსთვის ირანის შესახებ მომეთხრო და მეჩვენებინა ის, თუ როგორ ვხედავ მე ირანს“, – ამბობს ფილმ “ცარიელი ბადეების” რეჟისორი, ბეჰრუზ კარამიზადე.

გრან-პრი სამხრეთკორეულ ფილმს „იო ჯი-იანგის დაბადებას“ გადაეცა. საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში ფილმ „ჰიპნოზის“ მთავარი როლის შემსრულებელმა ჰერბერტ ნორდუმმა გაიმარჯვა.

ფესტივალის ფარგლებში სულ 185 ფილმი იყო ნაჩვენები. მათ შორის 4 ქართული ფილმიც იყო ნაჩვენები: ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი.” თინათინ ყაჯრიშვილის „მოქალაქე წმინდანი“, ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი „ფრენცის სასადილო“ და ლუკა ბერაძის დოკუმენტური ფილმი „ღიმილიანი საქართველო“.

ფესტივალი კინოვარსკვლავებისა და კინორეჟისორების შეხვედრის შესანიშნავი ადგილია, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. სწორედ ეს ხდის მას საინტერესოსა და განსაკუთრებულს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend