მთავარისაქართველოერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

მრავალთვიანი მოსამზადებელი პერიოდი დასრულდა და დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. ახლა აბიტურიენტების ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ოსურ ენაში გაიმართა.

„აბიტურიენტობა მშვენივრად გავატარე და იმედი მაქვს ასევე მშვენივრად გამოვალ საგამოცდო ოთახიდანაც. ჯერ-ჯერობით კარგად ვარ. არ ვნერვიულობ. მხოლოდ ცოტათი“, – ამბობს აბიტურიენტი მარიამ ნაყოფია გამოცდაზე შესვლის წინ.

გამოცდის წინ არ ნერვიულობდა აბიტურიენტი რატი გოქაძე, რომელსაც გრანტის აღების იმედი აქვს. მარიამ ძიძარია კი ოდნავ მაინც ნერვიულობს, თუმცა თავისი თავის სჯერა.

„წელს ვაბარებ. ძალიან არ ვნერვიულობ. ცოტათი მაინც. მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი თავის მჯერა და ყველას ვუსურვებ, რომ თავისი თავის დაიჯეროს. ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია არ ინერვიულო“, – ამბობს მარიამი.

აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მშობლები ელიან, რომლებიც არანაკლებ ნერვიულობენ. ისინი გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს ამხნევებენ

„ნერვიულობის ფაქტორი ცოტათი მაინც იყო. მაინც სტრესია, რადგან ეროვნული გამოცდებია. შენი მომავალია ამ ყველაფერზე დამოკიდებული. თუმცა, დიდად სანერვიულო არაფერი არ იყო. შევედი და დავწერე. წელს, ძალიან გამარტივებული გამოცდა იყო იმიტომ, რომ ესსე ამოიღეს. ქართული ენის გამოცდიდან, ასევე ძალიან ბევრი სექცია ამოიღეს. შესაბამისად მარტივი იყო“, – ამბობს აბიტურიენტი თორნიკე, პირველი გამოცდის დაწერის შემდეგ.

გამოცდის ცენტრიდან თავდაჯერებული გამოვიდა ლუკა ბიწაძე.

„ნერვიულობით არ ვნერვიულობდი, რადგან ასე თუ ისე მომზადებული ვიყავი. გამოცდამ საკმაოდ ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩაიარა. იმედია საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს ლუკა.

ქეთი ოქროჭელიძე კი ქართულ ენასა და ლიტერატურაში უფრო რთულ გამოცდას ელოდა.
„უფრო რთულს ველოდებოდი. თუმცა ნორმალური სირთულის იყო. მე მაგალითად პროგრამული ესსე ავირჩიე. ყველას წარმატებებს ვუსურვებ“,  – ამბობს ქეთი.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ჯამში სულ 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია. საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრი 12 სხვადასხვა ქალაქშია გახსნილი. მათ შორის, ამბროლაურში, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველად ტარდება.

„ქართული ენისა და ლიტერატურის და ოსური ენის გამოცდა მიმდინარეობს. ხვალაც და ზეგ დილითაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა იქნება. შემდეგ 6 ივლისიდან ამ პროცესს უერთდებიან უკვე მასწავლებლობის მსურველები. შემდეგ კვირა კი გრძელდება მათემატიკის გამოცდით“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 95 პროცენტამდე გამოცხადდა. 2023 წლის გამოცდებზე მოხსნილია პანდემიასთან დაკავშირებული ყველა ის რეგულაცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოქმედებდა.

„ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი სრულად გამართული ყოფილიყო, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ტექნოლოგიურად. ყველანაირი გარემო შექმნილია, რომ აკადემიურად თავისუფალ გარემოში, ყველა აბიტურიენტმა წყნარად და მშვიდად გამოავლინოს ცოდნა და მიიღოს ის ქულები, რომლებიც დარწმუნებული ვარ მათ ცხოვრებას შეცვლის“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

თორნიკე კოპლატძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend