მთავარისაქართველოკვლევა: რუსი იმიგრანტები რუსეთის დატოვების მიზეზებად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, ომსა და...

კვლევა: რუსი იმიგრანტები რუსეთის დატოვების მიზეზებად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, ომსა და სამხედრო მობილიზაციას ასახელებენ

"რუსი იმიგრანტების ცხოვრება საქართველოში" ასე ჰქვია კვლევას, რომლის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხული რუსეთის 1008 მოქალაქე ახლო მომავალში რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს

საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა უარყოფითად აფასებს, რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, მაშინ როცა უკრაინის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობამ მათი უმრავლესობის დადებითი შეფასება გამოიწვია – ასეთია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის კვლევის შედეგები.

“რუსი იმიგრანტების ცხოვრება საქართველოში,” კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხული რუსეთის 1008 მოქალაქე ახლო მომავალში რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა უმეტესობა რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებს რუსეთში დარჩენილ მეგობრებთან თუ ნათესავებთან.

ყოველი მეოთხე ამბობს, რომ საქართველოში გადმოსახლების შემდეგ, რუსეთში ყოფილა. სამიდან ორი რუსეთის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს და გამოკითხულთა ნახევარი რუსეთში დარჩენილებს არ ენდობა. კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ გამოკითხულთა 98%ს საქართველოს მიმართ დადებითადაა განწყობილი და ათიდან ცხრა საქართველოს მოსახლეობას ენდობა.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში ამბობენ, რომ რესპონდენტები არაალბათური და არაშემთხვევითი წესით შეირჩა და შედეგები არ შეიძლება განზოგადდეს საქართველოში მცხოვრებ რუსებზე.

რატომ დატოვეს რუსეთი, რა მიზნით აირჩიეს საქართველოში ჩამოსვლა, როგორი დამოკიდებულება აქვთ რუსეთის მთავრობისა და ხალხის მიმართ, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს საქართველოში და რას ფიქრობენ ქართველ ხალხსა თუ მთავრობაზე – ამ კითხვებს უპასუხეს საქართველოში მცხოვრებმა რუსმა იმიგრანტებმა. კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად გადმოსულების 97% არ ენდობა რუსეთის მთავრობას და 94% უარყოფითად აფასებს ვლადიმერ პუტინს.

ასევე, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რუსი იმიგრანტები რუსეთის დატოვების მიზეზებად – ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, უკრაინაში ომსა და სამხედრო მობილიზაციას ასახელებენ.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები რუსეთის 1008 მოქალაქე – ისინი ვინც 18 წელს ზემოთ არიან და ისინი ვინც საქართველოში საცხოვრებლად 2022 წლის თებერვლის შემდეგ გადმოვიდნენ. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ კვლევა შემთხვევითობის პრინციპით არ არის ჩატარებული და შესაბამისად მისი განზოგადება არ უნდა მოხდეს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი მილიონ სამასი ათასმა მოქალაქემ დატოვა. კონკრეტულად რამდენი მათგანი ცხოვრობს საქართველოში, ამ დროისთვის უცნობია.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend