მთავარისაქართველოსაქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა სანქციებისთვის გვერდის ასავლელ პლატფორმად არ იქნას გამოყენებული...

საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა სანქციებისთვის გვერდის ასავლელ პლატფორმად არ იქნას გამოყენებული – ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი

დევიდ ო'სალივანი: საქართველომ სანქციები არ დაუწესა რუსეთს, რის გამოც ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულები ვართ, რადგან საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრი. ვისურვებდით, რომ საგარეო პოლიტიკაში შეთანხმებისთვის მიგვეღწია, თუმცა ჩვენ ასევე გვესმის ის სიტუაცია, რომელშიც საქართველო იმყოფება.

სანქციების საკითხში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა, რის შემდეგაც მან თბილისში, ევროკავშირის ოფისში პრესკონფერენცია გამართა.

დევიდ ო’სალივანმა განაცხადა – “ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ რუსეთი ეცდება იპოვოს ჩვენ მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გზები. უფრო კონკრეტულად კი ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმ 38 საბრძოლო პროდუქტზე, რომლებიც უკრაინელებმა ბრძოლის ველზე იპოვეს და რომლებიც გამოიყენება იმისთვის, რომ რუსული იარაღი კიდევ უფრო მომაკვდინებელი გახდეს. ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტიც, რომ შესაძლოა რუსეთმა შეძლოს ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. რა თქმა უნდა, საქართველომ სანქციები არ დაუწესა რუსეთს, რის გამოც ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულები ვართ, რადგან საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრი. ვისურვებდით, რომ საგარეო პოლიტიკაში შეთანხმებისთვის მიგვეღწია, თუმცა ჩვენ ასევე გვესმის ის სიტუაცია, რომელშიც საქართველო იმყოფება ეკონომიკური თუ გეოგრაფიული თვალსაზრისით და რუსეთთან მრავალმხრივი მჭიდრო კონტაქტის კუთხით.

მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან კონკრეტულად ეს საკითხი განვიხილო. უბრალოდ მსურს,რომ მათ ეს შევახსენო. ვფიქრობ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ამ ქვეყნების შეთანხმებას ჩვენს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. მათ შორის არის სანქციების საკითხიც. საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, მაგრამ იმედი აქვთ, რომ ასე იქნება. ამიტომაც ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ კუთხით პროგრესს დავინახავთ. დღეს კი ჩვენ გვაფიქრებს სანქციების გვერდის ავლის საკითხი და გვსურს დავრწმუნდეთ, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთ საშუალებად, რაზეც დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია მივიღეთ.”

დევიდ ო’სალივანმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ გარკვეული ელექტრო მოწყობილობები არ მოხვდეს რუსეთში. კონკრეტულად საუბარია 38 დასახელების ელექტრომოწყობილობაზე, რომელიც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით, რუსეთში არ და ვერ უნდა ხვდებოდეს.

დევიდ ო’სალივანის განცხადებით, საუბარია ისეთ პროდუქტებზე, რომლების უკრაინაში შეჭრილ რუსულ ჯარს ეხმარება გაძლიერებასა და ბრძოლის გაგრძელებაში. მაგალითად: ღამის ხედვის კამერები, მიკროჩიპები თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობები.

დასავლეთის მიზანია, რომ ეს კონკრეტული ელექტროსაქონელი არ მოხვდეს რუსეთში და ამისთვის სანქციებიც არის დაწესებული, თუმცა უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბრძოლის ველზე რუსული არმიის ტექნიკაში ეს 38 დასახელების ელექტრომოწყობილობები აღმოაჩინეს.

ამ ფაქტების დადასტურების შემდეგ კი ევროკავშირმა გადაწყვიტა გაერკვია, რომელი ქვეყნის ტერიტორიას იყენებს რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. სწორედ ეს იყო სანქციების საკითხში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტის მიზანი. თუმცა ის მხოლოდ საქართველოში არ ჩამოსულა და მანამდე, 6-მდე სხვა ქვეყანასაც ეწვია.

“იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველო ყველა საჭირო ძალისხმევას იღებს, რათა დარწმუნდეს, რომ ეს ქვეყანა სანქციებისთვის გვერდის ასავლელ პლატფორმად არ იქნას გამოყენებული. და ყველა საფუძველი გვაქვს გვჯეროდეს, რომ ამ ძალისხმევებს გააგრძელებენ…

საქართველო ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავდება. ბევრი გზა არსებობს, რომლითაც ხალხი ცდილობს სანქციებს გვერდი აუარონ საბაჟო პუნქტების ან ყალბი დეკლარაციების გამოყენებით, და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან შთამბეჭდავი ზომები მიიღეს ამის მონიტორინგისთვის, და დასარწმუნებლად, რომ ეს არ მოხდება. ერთადერთი პრობლემა რუსეთთან პირდაპირ ფრენებში, რომლის თქმაც შემიძლია – თუ რუსეთიდან საქართველოში შემოსასვლელ პუნქტებს გაამრავლებ, მაშინ მეტი ყურადღება გჭირდება და ყოველი ეს შესასვლელი პუნქტი იმავენაირად გაკონტროლდება, როგორც უკვე არსებული პუნქტები და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დამარწმუნეს, რომ ასე იქნება.

ნებისმიერი შემოსასვლელი წერტილი პოტენციურად სუსტი ადგილია სანქციების აღსრულებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მგონია, რომ საქართველოში ეს უფრო სუსტი წერტილია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელსაც რუსეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს”, – განაცხადა დევიდ ო’სალივანმა, სანქციების საკითხში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

დევიდ ო’სალივანის განცხადებით, საქართველო საშუალებას არ იძლევა მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული და ქვეყანაში მიიღეს ძალიან მკაცრი გარანტიები იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთმა სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენოს.

სამუშაო ვიზიტის დასასრულს კი დევიდ ო’სალივანმა თბილისში ევროკავშირის ოფისში ელჩებთან გამართა შეხვედრა და ამით დასრულდა სანქციების საკითხში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი თბილისში.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend