მთავარისაქართველოსამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულაციები მკაცრდება

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულაციები მკაცრდება

სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მოქმედი ბიზნესის რეგულაციები მკაცრდება. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებების კანონპროექტი მეორე მოსმენით დარგის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

კანონის მიღების შემდეგ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, დაწესებულებაში შესვლის უფრო მარტივი გზა და ფართო ბერკეტები ექნება.

თუმცა, პროტესტის შემდეგ შეცვლილი პუნქტის თანახმად, მაინც ვალდებული იქნება, შეტყობინება პარალელურად  სასამართლოშიც გააგზავნოს, რათა სასამართლომ შემოწმების მიზანშეწონილობა დაადასტუროს.

ამის გარდა იზრდება ფინანსური სანქციებიც.

სახელმწიფოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამკაცრება მოქალაქეების მხრიდან, სამედიცინო კლინიკების მისამართით გაზრდილი საჩივრების საფუძველზე მოხდა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, რეგულაციებს დროულს და საჭიროს უწოდებს და ამბობს, რომ სამედიცინო თუ ფარმაცევტულ სექტორს, უფრო უსაფრთხოს და თანამედროვეს გახდის.

„მთავრობა ასაბუთებს, რომ სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში გვაქვს პრობლემები, რასაც სჭირდება უფრო მეტად დარეგულირება. ყველაზე მთავარი კი არის სწრაფი რეაგირების მექანიზმი, იმისთვის რომ ხარვეზი აღმოიფხვრას. ამით, როგორც მთავრობა, ისე სამედიცინო და ფარმაცევტული სფერო, უფრო მოქნილ რეალობაში აღმოჩნდება და სწორ საქმიანობას დაადგება. ბუნებრივია, არ შეიძლება ვინმეს რამე რეგულირება დაუწესო და ბედნიერი იყოს. ეს გასაგებია.

ოთხი ძირითადი პუნქტია დასახელებული, რის საფუძველზე შეიძლება შევიდეს მარეგულირებელი სააგენტო ორგანიზაციაში, იქნება ეს კლინიკა თუ ფარმაცევტული დაწესებულება. პარალელურად, უნდა მოიპოვოს მოსამართლის განჩინებას, რომ ეს გადამოწმება მიზანშეწონილია. თუ სასამართლოს ვერ დაუსაბუთებს საჭიროებას, მაშინ მოსამართლე არ მისცემს ნებას და რეგულატორი უკან გამოდის.

ამის გარდა, მთავრობის მიერ წესიც გაიწერება, რაც განსაზღვრავს უფლებებს, რა შემთხვევაში შევიდეს, რა მეთოდებით და ა.შ.

ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფოც და დარგიც, ორივე მხარე დაინტერესებული იქნება, რომ დავა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. აქამდე ეს ასე არ იყო და პროცესი ჭიანურდებოდა“, – აცხადებს ზაზა ლომინაძე.

სამედიცინო კლინიკების სახელით, გამკაცრებულ რეგულაციებს ბუნდოვანს უწოდებს „ჯანდაცვის ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი. მისი თქმით, დარგის ექსპერტები ამ ცვლილებების შემუშავების პროცესში სახელმწიფომ არ ჩართო და სხდომების საჯაროობის მიუხედავად, ვერც იმას ასაბუთებენ, თუ რატომ დადგა ისედაც მკაცრი რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრების საჭიროება.

„ობიექტზე ოპერატიულად შესვლის საჭიროებას იშველიებს კანონპროექტის ავტორი მხარე, ამ კანონის მიღების ერთ-ერთ მიზეზად. პროცესი აქამდეც სწრაფი იყო, უბრალოდ სასამართლოს ნებართვა იყო ჯერ აუცილებელი. 24 და 48 საათზე მეტი ოპერატიულობის, ან ასეთი მკაცრი სანქციების შემოღების საჭიროება რატომ დგას, ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარია. საქმიანობის შეჩერების მექანიზმი კი აუცილებლად სასამართლოს განჩინებას უნდა ეყრდნობოდეს და არა რომელიმე რეგულატორი სააგენტოს წარმომადგენლის, ინსპექტორის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. ანუ იმის თქმა მინდა, რომ საკითხი არ არის სათანადოდ და ჩვენთან ერთად დამუშავებული. ცალსახად ხელს შეუშლის ბიზნესის საქმიანობას, იმიტომ რომ მკაფიოდ უნდა იცოდეს სექტორმა, როცა ჯარიმდება, რატომ ჯარიმდება“, – აცხადებს მაია მახარაშვილი.

ჟანდარმული მეთოდით დამატებითი წნეხი ბიზნესზე – ასე აფასებს „საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე კანონპროექტს. მისი თქმით, ფარმაცევტულ სექტორს უამრავი საერთაშორისო დონის რეგულაცია და სტანდარტი აქვს დაწესებული, რაც დარგს მოქალაქისთვის უსაფრთხოს ხდის. ამ ასოციაციამ საკუთარი შენიშვნები და მოწოდებები განცხადების სახით, ჯერ კიდევ კომიტეტის სხდომამდე გაავრცელა. სადაც წერია, რომ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, ეს კანონპროექტი საერთოდ უნდა გაჩერდეს.

„მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიღება არასწორია. თუ ფარმაცევტული სექტორის მხრიდან შევხედავთ ამას, ეს მართლაც სადამსჯელო ოპერაციას ჰგავს. ჩვენს დარგს, როგორც ფარმაცევტულ საწარმოებს, ისე სააფთიაქო სისტემას, ისედაც უამრავი საერთაშორისო, მათ შორის GMP სტანდარტი აქვს დაწესებული, რაც კარგად არეგულირებს სფეროს. ხოლო, თუ ინვესტორების მხრიდან შევხედავთ, არც ერთ გონიერ ინვესტორს არ მოუნდება ამ სფეროში ფულის ჩადება, როცა შეხედავს ასეთ მექანიზმებს კანონში. ისინი ჩვენზე უფრო მეტად აკვირდებიან კანონმდებლობას. იმიტომ, რომ თუ საქმიანობას გაჩერებინებს სახელმწიფო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, რომელიც მრავალი თვე შეიძლება გაგრძელდეს, ეს დიდ ფინანსურ დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული. ეჭვი მაქვს, რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალზე, კანონპროექტის ავტორებს არ უფიქრიათ და არც ჩვენთან გაუვლიათ“, – განაცხადა ლევან გოგიბერიძემ.

სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების მკაფიო შენიშვნების მიუხედავად, მცირე ცვლილებებით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის 26 ივნისის სხდომაზე, ეს კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. თანხმობა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა განაცხადეს. ოპოზიციამ კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

ფინალური ეტაპი, უკვე პლენარულ სხდომაზე გატანა და კენჭისყრაა, რაც სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში მოხდება, რადგან 30 ივნისს საგაზაფხულო სესია ოფიციალურად დაიხურება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend