მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში კლიმატის აქტივისტთა ჯგუფის „დედამიწის აჯანყების“ საქმიანობა აიკრძალა

საფრანგეთში კლიმატის აქტივისტთა ჯგუფის „დედამიწის აჯანყების“ საქმიანობა აიკრძალა

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კლიმატის აქტივისტთა ჯგუფის, „დედამიწის აჯანყების“, მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გაიმართა. ბოლო ინფორმაციით, ემანუელ მაკრონის მთავრობამ ოფიციალურად აკრძალა ეს ორგანიზაცია იმ მოტივით, რომ ის რისკის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

საფრანგეთის მთავრობის სპიკერი ოლივიე ვერანი ამბობს, რომ აქ საქმე არ ეხება გამოხატვისა და დემონსტრაციის თავისუფლებას და ისინი არ ისჯებიან თავიანთი იდეების გამო. მისი თქმით, ეს არის ადამიანებისა და მათი საკუთრების მიმართ ძალადობა, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება.

აქტივისტთა ჯგუფი ხშირად იყენებს პროტესტის გამოხატვის რადიკალურ ფორმებს, რომლებიც მიმართულია ბიზნესინტერესების, სახელმწიფო პროექტებისა და მასშტაბური აგრარული საქმიანობის წინააღმდეგ. მარტში გამართულ ერთ-ერთ დემონსტრაციაზე 5000-ამდე მომიტინგე 3000 პოლიციელს დაუპირისპირდა. შეტაკებების შედეგად ორი მომიტინგე კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა, 30-ამდე პოლიციელი კი დაშავდა.

ორგანიზაცია „დედამიწის აჯანყების“ სპიკერი ბასილ დიუტერტრი ამბობს, რომ მათ ვერც ადმინისტრაციული კოდექსი შეაშინებს და ვერც  მათ წინააღმდეგ გამოყენებული ანტიტერორისტული პოლიტიკა.

კლიმატის ჯგუფს ჰყავს რამდენიმე ცნობილი მხარდამჭერი, რომლებიც ზოგჯერ არ ეთანხმებიან მათ მეთოდებს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ქვეყანაში არეულობას გამოიწვევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend