მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტთან ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

საქართველოს პარლამენტთან ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

პროტესტის მე-16 დღე - ჭიათურასა და თბილისში მაღაროელთა საპროტესტო აქციები გრძელდება

პროტესტის მე-16 დღე, 14 უცვლელი მოთხოვნა და მოშიმშილეთა რაოდენობა, რომელიც ყოველდღიურად იზრდება – ასეთია მაღაროელების პროტესტი ჭიათურასა და თბილისში. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის ზრდას ითხოვენ – სწორედ ამ მოთხოვნებით დაიწყო პროტესტი ჭიათურაში, შემდეგ კი თბილისშიც.

დღეს მესამე დღეა, რაც მაღაროელები და მათი მხარდამჭერები თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მართავენ აქციას.

მათ აქციაზე აქვთ ბანერები წარწერით – „ამოკერილი თვალითაც გხედავთ;“ „ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს;“ თუ სხვა…

თბილისში საპროტესტო აქციების გამართვის მესამე დღეს, მაღაროელთა ნაწილმა საქართველოს პარლამენტის შენობასთანაც დაიწყო შიმშილობა. ისინი ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. კონკრეტულად საუბარია 14 მოთხოვნაზე, თუმცა მათ შორის ყველაზე მთავარი, ის რაზეც მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ ხერხდება კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და მაღაროელებს შორის – არის ხელფასის 20%-ით გაზრდა.

თავდაპირველად მაღაროელები ითხოვდნენ, ხელფასების 40%-ით გაზრდას, თუმცა შემდეგ მოლაპარაკებების შედეგად, მიიღეს გადაწყვეტილება ხელფასების 20%-ით გაზრდა მოეთხოვათ, თუმცა ამ პირობას არ თანხმდებიან კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ ხელფასების გაზრდა მხოლოდ 5%-ით შეუძლიათ და როგორც დღეს კომპანიის წარმომადგენელმა “ევრონიუს ჯორჯიასთან” საუბრის დროს განაცხადა, ეს ამ დროისთვის საბოლოო შეთავაზებაა.

ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები ამბობენ, იმ 14 მოთხოვნიდან, რომელიც მაღაროელებს აქვთ, თითქმის ყველა საკითხზე შესაძლებელია მოლაპარაკება, გარდა ხელფასის 20%-ით ზრდისა.

მაღაროელები კი ამბობენ, რომ ვიდრე ამ მოთხოვნას არ შეუსრულებენ, ისინი საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ. „ყველა ელოდება, რომ ჩვენ დავიღლებით, ჩვენ არ დავიღლებით“ – ამბობენ აქციაზე მყოფი მაღაროელები.

თბილისში ჭიათურიდან ჩამოვიდა მაღაროელი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვალები ამოიკერა. ის ამბობს, რომ ჭიათურიდან თბილისში ჩამოსვლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ უფრო მეტად გააძლიეროს მისი თანამებრძოლები.

მაღაროელები ასევე ამბობენ, რომ ისინი სახელმწიფოსგან ვერ ხედავენ თანადგომას.

დღეს, 21 ივნისს თბილისში მაღაროელთა საპროტესტო აქციები მესამე დღეა, ხოლო რაც შეეხება ჭიათურას, მაღაროელები საპროტესტო აქციას ჭიათურაში უკვე მე-16 მართავენ. დღეს ხმაური იყო ჭიათურაში, მერიის შენობასთან, სადაც მაღაროელების მხარდასაჭერად მივიდნენ მათი დედები, ასევე იმ მაღაროელების დედები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. დედები საუბრობენ იმ მძიმე შრომაზე, რომელიც მათ შვილებს უწევთ და ამბობენ, რომ თუ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მათი ოჯახების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინიც შიმშილობას დაიწყებენ.

დღეს ასევე მაღაროელებმა გაავრცელეს ინფორმაცია და შემდეგ უკვე ვიდეომასალა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა აუცილებელი.

ჭიათურაში მაღაროები გაჩერებულია, კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ სურთ მოლაპარაკება და მაღაროების ამუშავება, თუმცა უარს ამბობენ მაღაროელების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე – ხელფასის 20%-ით გაზრდასთან დაკავშირებით.

მაღაროელები კი თავის მხრივ ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ და გააგრძელებენ, ვიდრე ღირსეულ სამუშაო პირობებს არ მიიღებენ. ისინი ასევე ამბობენ, რომ თავს მიტოვებულად გრძნობენ და აქვთ განცდა, რომ მთავრობას, რომელიც მოქალაქეების მიერაა დაქირავებული იმისათვის, რომ მათი ცხოვრება გააუმჯობესოს, მათი ხმა არ ესმის და ვერც მათ ამოკერილ პირსა თუ თვალებს ვერ ხედავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend