მთავარიევროპაუკრაინახერსონის რეგიონში წყლით გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალი რისკია - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ხერსონის რეგიონში წყლით გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალი რისკია – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ზაპორიჟიის მახლობლად მდებარე ქალაქ ნიკოპოლის მოსახლეობას დაბინძურებული წყლის გამო საფრთხე ემუქრება.

კახოვკის ჰესის განადგურებიდან რამდენიმე დღეში ქალაქს წყალმომარაგება შეუწყდა.

აქ წყალმომარაგება სახიფათოა, რადგან წყლის ტანკერები რუსული ძალების სამიზნე გახდა.

რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების გასაგრილებლად საკმაოდ დიდი რაოდენობის წყალია საჭირო.

უკრაინის მიერ კონტროლირებად მხარეზე წყალი აუცილებელია ყოველდღიური ცხოვრებისათვისაც. თუმცა აქ უფრო დიდი პრობლემაცაა,  ვიდრე წყლის ნაკლებობაა.

“რა თქმა უნდა, საშინელებაა! არაფერი გვაშინებს ისე,  როგორც ატომური აფეთქება. წყლის გარეშეც შეგვიძლია ცხოვრება, მოგვაქვს როგორღაც, მაგრამ თუ რამე მოხდება… არ ვიცი … საშინელებაა”, – წუხს ნიკოპოლის მკვიდრი ლარისა.

,,ურმით ვეზიდებით წყალს. აქ თავშესაფრები არ არის. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? ჩვენ მივდივართ იქ, სადაც თავშესაფრებია, თუ საჰაერო თავდასხმის განგაში იქნება, დავიმალებით”, – ამბობს ნიკოპოლის მკვიდრი ლუბოვა.

ხერსონში, კიდევ ერთ ყველაზე დაზარალებულ რეგიონში, სასწრაფო სამსახურები მოსახლეობას, რომელიც  დაბინძურებული გარემოს გამო შეშფოთებულია და დაავადების გავრცელების ეშინია,  სუფთა წყალს აწვდიან.

მას შემდეგ, რაც 6 ივნისს ნოვა-კახოვკის კაშხალი განადგურდა და ხერსონის დიდი ტერიტორია დაიტბორა, წყლის ყოველდღიური მიწოდება აქ ნორმად იქცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ მხარეში არსებობს წყლის გადამდები დაავადებების – ქოლერისა და ტიფის, ასევე მღრღნელებით გადამდები დაავადებების – ლეპტოსპიროზისა და ტულარემიის  გავრცელების მნიშვნელოვანი რისკი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო  ხერსონში მოსახლეობას წყალდიდობის შემდეგ კოღოებით გადამდები დაავადებების გავრცელების შესახებ აფრთხილებს.

კახოვკის კაშხლის აფეთქებაში კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წყალდიდობის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ორშაბათს ხერსონის რეგიონში წყლის დონემ 7 სმ-ით დაიკლო. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, წყალდიდობამ მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ხუთ დასახლებაში 800-ზე (843) მეტი სახლი დააზიანა. 2700-ზე მეტი (2783) ადამიანია ევაკუირებული.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend