მთავარიევროპაიტალიაიტალიის პარლამენტში სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

იტალიის პარლამენტში სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

დემონსტრანტები ბანერებითა და შეძახილით იტალიის პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, რადგან  იტალიის მთავრობა გეგმავს, რომ სუროგაცია კრიმინალურ ქმედებად გამოაცხადოს. კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ იტალიელს, საზღვარგარეთ მყოფსაც კი, ეკრძალება, სუროგაციის გზას მიმართოს.  მას, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს და  სუროგაციის მეშვეობით ცდილობს ბავშვის გაჩენას,  კანონპროექტის მიხედვით, პატიმრობა და ჯარიმა ემუქრება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის მარია სოლე ჯარდინის თქმით, ბევრ ქვეყანაში სუროგაციის გზით ფეხმძიმობა კანონიერია და ეს საკითხი იდეალურად არის დარეგულირებული შეერთებულ შტატებში, ინგლისში, პორტუგალიაში, უკრაინასა თუ საქართველოში. მას აინტერესებს, თუ ადამიანს სურს, ამ ქვეყნებში გაემზგავროს და გამრავლების მიზნით ჩაიტაროს სამედიცინო პროცედურა, რატომ უნდა ეშინოდეს იტალიაში დაბრუნების? როგორც თავად ამბობს,  ის ოჯახები, რომლებსაც სურთ ამ გზით გააჩინონ შვილები  ან უკვე ამ პროცესში არიან, შეშინებული არიან. მას ეს გადაწყვეტილება ცივილიზებულ ქვეყანაში უსამართლოდ მიაჩნია.

პოლიტიკურმა პარტიამ „ევროპა პლიუსმა“ შეიმუშავა ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც სუროგაციას დანაშაულად არ მიიჩნევს,  თუმცა იძლევა გარანტიას, რომ ქალებს ეკონომიკური მიზნებისთვის ვეღარ გამოიყენებენ.  სამთავრობო კანონპროექტს კონსერვატორი იტალიელების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელი გრაცია დი მაჯო ამბობს, რომ მიმდინარე კვირას წარდგენილი კანონპროექტი იტალიაში სააბოლოოდ აკრძალავს საშვილოსნოს ე.წ. გაქირავებას,  ბავშვთა უფლებები კი უკეთესად იქნება დაცული.

მიმდინარე კვირას  პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ გაგრძელდება დებატები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობის უმრავლესობამ უნდა მიიღოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend